საქართველო რუსული „ისკანდერების“ წინააღმდეგ – თავდაცვის უწყება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განახლებას იწყებს

საქართველო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განახლებას იწყებს და ამაში მას საფრანგეთი და ისრაელი დაეხმარებიან. ქართული მხარის მიერ ისრაელის ფირმა „რაფალთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე წერს ამერიკული გამოცემა – Forbes-ი და რუსული vz.ru -ც.

ჯერჯერობით, კონტრაქტის დეტალები უცნობია, თუმცა, როგორც რუსული გამოცემა წერს, საუბარია საქართველოს შეიარაღებაში არსებული, ისრაელის წარმოების – Spyder-SR -ის (მოკლე მანძილზე მოქმედი) Spyder-MR -მდე (საშუალო მანძილზე მოქმედი ) მოდერნიზაციაზე. Vz.ru-ს ინფორმაციით, თუ აქამდე საქართველოს შეიარაღებაში არსებულ რაკეტებს სამიზნის განადგურება 9 კილომეტრის სიმაღლეზე და 5-20 კილომეტრის რადიუსში შეეძლოთ, განახლების შედეგად, სამიზნის განადგურება 16 კილომეტრის სიმაღლეზეც იქნება შესაძლებელი, ხოლო მოქმედების რადიუსი 50 კილომეტრამდე გაიზრდება.

რუსული გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებაში შეიძლება, გამოჩნდეს გერმანულ-ფრანგულ-იტალიური SAMP-T სისტემებიც, რომლებიც რუსული ბალისტიკური რაკეტების „ისკანდერების“ განადგურებასაც შეძლებენ. თუ რუსულ გამოცემას დავუჯერებთ, ამ ზაფხულს საქართველო საფრანგეთში 10 მილიონი დოლარის აპარატურის შეძენას გეგმავდა, თუმცა, გარიგებას ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა.

როგორც რუსები წერენ, 2018 წელს საქართველომ უკვე მიიღო შეიარაღებაში შორი მოქმედების ფრანგული Ground Master-ის ტიპის რადიოლოკაციური სადგირები, რომლებიც Renault Truck Defence-ის შასიზეა დამონტაჟებული. როგორც ირკვევა, ეს ყველაფერი საქართველოს საშუალებას აძლევს, 470 კილომეტრის რადიუსში და 30 კილომეტრის სიმაღლეზე ყველა პოტენციური სამიზნე აღმოაჩინოს და გააკონტროლოს.
რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ექსპერტთა კოლეგიის წევრისა და ჟურნალ Арсенал Отечества-ს რედაქტორის, პოლკოვნიკ ვიქტორ მურახოვსკის მოსაზრებით, თუ საქართველო მთავარ მოწინააღმდეგედ რუსეთს განიხილავს, მაშინ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მოდერნიზებას აზრი არ აქვს. მურახოვსკის განცხადებით, იმისათვის, რომ რუსეთს გაუმკლავდეს, საქართველოს ფინანსური რესურსი არ ეყოფა. მისი თქმით, როგორც ისრაელის, ასევე, ფარანგული ჰაესაწინააღმდეგო სისტემები ძალიან ძვირია და იმ რაოდენობის ტექნიკას, რომელიც ცას სრულად დაიცავს, საქართველო უბრალოდ ვერ იყიდის.

„ისრაელის წარმოების ერთი დივიზიონის ყიდვა (რაკეტების გამშვები, დაახლოებით, 12 დანადგარი, თავისი რადიოლოკაციური სადგურით), დაახლოებით, 600-700 მილიონ დოლარამდე ღირს. ასეთი დივიზონი საქართველოს, სულ მცირე, 8-10 მაინც დასჭირდება და არ მგონია, ამ ქვეყნის ბიუჯეტმა ეს შეძლოს“, – აცხადებს მურახოვსკი.

როგორც Forbes-ის სტატიაშია აღნიშნული, საქართველო ცდილობს თავდაცვის იმ სისტემების აღდგენას, რომელიც რუსეთთან 2008 წლის ომში განადგურდა და ერთ-ერთ პრიორიტეტად ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა განისაზღვრა. როგორც სტატიაშია მითითებული, 2008 წელს საქართველომ, ძირითადად, საბჭოთა წარმოების იარაღით რუსეთი 8 თვითმფრინავი, მათ შორის, სტრატეგიული დანიშნულების TU -22 ჩამოაგდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები