ჟოზეფ ბორელი: საქართველოსგან საარჩევნო კანონის ეფექტურ განხორციელებასა და უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემას ველოდებით
“საქართველო ევროკავშირის ძალიან ახლო პარტნიორია ჩვენს სამეზობლოში. ჩვენი ურთიერთობები მწიფდება და საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას მოუთმენლად ველით”, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელიმ ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.
ჯოზეფ ბორელიმ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა.
„საქართველოში ოქტომბერში არჩევნები ტარდება. მარტში პოლიტიკურმა პარტიებმა საქართველოში ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის ერთერთი ფასილიტატორი ევროკავშირის დელეგაცია იყო. ამ შეთანხმებამ შექმნა ახალი საარჩევნო სისტემა უფრო ხელსაყრელი, ინკლუზიური, თანმიმდევრული და გამჭირვალე არჩევნებისთვის და ახლა ჩვენ ამ კანონის ეფექტურ განხორციელებასა და უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემას ველოდებით. საქართველოს პარლამენტისთვის გადამწყვეტია, გადახედოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, რომელიც არყევს მოსამართლეების გამჭირვალედ წარდგენის პროცესს, როგორც ეს მოხსენებაშია აღნიშნული. სასამართლო ხელისუფლებაში ეთიკისა და სამართლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვნია.
ვადასტურებ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. „ბორდერიზაციის“ უწყვეტი პროცესი სრულად მიუღებელია. შეშფოთებული ვარ ასევე „საკონტროლო-გამშვები პუნქტების“ ჩაკეტვით, რაც ართულებს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას სამედიცინო მკურნალობასა და საარსებო საშუალებებზე”, – განაცხადა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.