ბერლინში ლავროვის ვიზიტი მისი გერმანელი კოლეგის გრაფიკში ცვლილების გამო გაუქმდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტი ბერლინში, რომელიც 15 სექტემბერს უნდა შემდგარიყო, მისი გერმანელი კოლეგის, ჰაიკო მაასის გრაფიკში ცვლილებების გამო გაუქმდა.
ინფორმაციას რუსეთის დიპლომატიური უწყება ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ლავროვსა და მაასს ბერლინში ღონისძიებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, ამის შემდეგ ორმხრივ ფორმატში შეხვედრა უნდა გამართულიყო.
აღინიშნება, რომ ვიზიტის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შედგა.
“ასევე, ამის დადასტურება მოხდა 11 აგვისტოს მოსკოვში მაასის ვიზიტის დროს. 3 სექტემბერს გერმანულმა მხარემ რუს კოლეგებს შეატყობინა, რომ მაასის სამუშაო გრაფიკში ცვლილება მოხდა და ცერემონიაში ის მონაწილეობას ვერ მიიღებს, ორმხრივი შეხვედრისთვის მხოლოდ 1,5 საათია გამოყოფილი, ამიტომ, ბერლინში ლავროვის ვიზიტის თავდაპირველი მიზანი არააქტუალური გახდა, ორმხრივი მოლაპარაკებისთვის შეთავაზებული ფორმატი კი ძალიან შემოკლებული”, – ნათქვამია განცხადებაში.
გერმანულ მხარეს მაასის შეცვლილ გეგმასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
თუმცა, სავარაუდოდ, აღნიშნული უკავშირდება რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტს, რომელიც ამჟამად მკურნალობას ბერლინში, “შარიტეს” კლინიკაში აგრძელებს.
გასულ კვირას გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ, ბუნდესვერის ლაბორატორიის დასკვნით, ნავალნი “ნოვიჩოკის” ჯგუფის შხამით არის მოწამლული. შესაბამისი დასკვნა დღეს საფრანგეთისა და შვედეთის ლაბორატორიებმაც დადეს. გერმანია ანალიზის გაკეთებაში ჩართვას ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასაც სთხოვს.
ბუნდესვერის დასკვნის შემდეგ, კომენტარი ქვეყნის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც გააკეთა და რუსეთს მომხდარის გამოძიება მოსთხოვა. მკვეთრი განცხადებები გაკეთდა ნატო-ს, ევროკავშირისა და დასავლეთის ქვეყნების მხრიდან.
ასევე, არ არის გამორიცხული, რომ, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედონ, გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკად2”-ის პროექტის შეჩერების ჩათვლით.