იაპონიის ახალი, სავარაუდო პრემიერის ვინაობა ცნობილია – დაიბრუნებს თუ არა იოშიჰიდე სუგა კურილიის კუნძულებს
იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში შიდა არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგად პარტიის ხელმძღვანლად იოშიჰიდე სუგა იქნა არჩეული.
მოსალოდნელია, რომ 17 სექტემბრიდან სუგა პრემიერმინისტრის მოვალეობების შესრულებას შეუდგება.
აღნიშნულს წინ ექსპრემიერ შინზო აბეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები უძღოდა, რის გამოც მან თანამდებობა დატოვა, მანამდე კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართა სატელეფონო საუბარი, რის დროსაც პუტინმა აბეს ერთობლივი მუშაობისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა პრემიერმინისტრის პირად კონტრიბუციას ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში.
პრემიერობის ახალმა კანდიდატმა, იოშიჰიდე სუგამ განაცხადა, რომ აბენომიკის გეგმას გააგრძელებს, რომელიც ექსპრემიერის მიერ იყო ინიცირებული და, ძირითადად, ეკონომიკურ რეფორმებს უკავშირდება.
„მე ასევე მსურს, გავაგრძელო ურთიერთობის ისეთი ფორმა იაპონიის ბანკთან, როგორიც ექსპრემიერს ჰქონდა“, – ნათქვამია სუგას განცხადებაში.
ამასთან, ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი, როგორი იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ახალი პრემიერის მუშაობის პირობებში. ასევე, უცნობია, თუ რა პოზიცია ექნება ახალ პრემიერს კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით, დაიწყება თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან სიკოტანსა და ჰაბომაის დაბრუნების თაობაზე.
საკითხის განხილვა რუსეთის საექსპერტო წრეებში უკვე დაწყებულია. მაგალითად, “მგიმო”-ს აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დიმიტრი სტრელცოვმა განაცხადა, რომ შიზო აბეს მიერ პოსტის დატოვების შემდეგ იაპონიის მხრიდან კურილიის კუნძულების დაბრუნების თაობაზე ისე ხშირად აღარ ისმის, როგორც – ადრე.