კორონავირუსის ყოველდღიური ანტირეკორდი უნგრეთშიც ფიქსირდება

უნგრეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 718 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

444.hu-ის ინფორმაციით, ქვეყანაში დღეს 6264 აქტიური შემთხვევაა, მათგან 43% ბუდაპეშტშია.

ჰოსპიტალიზებულია 259 პირი, მათგან 12 ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული.

პანდემიის დაწყებიდან უნგრეთში 10 909 დადასტურებული შემთხვევაა, 631 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც დღეს ქვეყნის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, მთავრობა არ აპირებს სკოლების დახურვას, არამედ მოწყვლად ადამიანებზე იზრუნებს.

მისი თქმით, კორონავირუსის მეორე ტალღა ახალ სტრატეგიას მოითხოვს, ვიდრე – პირველი, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკას მარტსა და აპრილში დარტყმა მიაყენა.

“ახლა მიზანი არ არის, რომ ყველა სახლებში ვისხდეთ, რომ ქვეყანა ჩიხში შევიდეს. მიზანი ისაა, რომ დავიცვათ ქვეყნის უნარი, გააგრძელოს მუშაობა”, – თქვა მან.

უნგრეთმა 1-ელ სექტემბერს, კორონავირუსის ზრდის შეჩერების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტა, თუმცა მოგვიანებით გამონაკლისი დაუშვა “ვიშეგრადის ქვეყნებისთვის”: ჩეხეთისთვის, პოლონეთისა და სლოვაკეთისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები