ნინო წილოსანი: ,,მწვანე ბიუჯეტის” პროექტი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც გახდება სახელმძღვანელო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ერთხმად დაუჭირა მხარი „მწვანე ბიუჯეტის” პროექტის დოკუმენტს, რომელიც ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა წარადგინა.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, მწვანე ბიუჯეტის პროექტი კომიტეტის წევრების აქტიური ჩართულობით, ყველა დაინტერესებულ მხარესთან, სამოქალაქო სექტორსა და სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, ძალიან სიღრმისეულად იქნა დამუშავებული, გამოკვეთილ იქნა უმნიშვნელოვანესი მიგნებები და, რაც მთავარია, შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც სავალდებულო შესასრულებელი იქნება იმისათვის, რომ პროექტის მომზადებისას მოკვლეულ თემატიკას მომავალში სათანადო განვითარება მიეცეს.

„მწვანე ბიუჯეტის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც გახდება სახელმძღვანელო დოკუმენტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საპარლამენტო და კომიტეტის საქმიანობისთვის, რადგან ამ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ასახული ბიუჯეტში, რომელიც ჩვენი მიღებული კანონმდებლობიდან გამომდინარე საჭიროებს სტრუქტურულ თუ პროგრამულ გაძლიერებას და რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტში იყოს გათვალისწინებული იმისათვის, რომ ჩვენი ბიუჯეტი გახდეს უფრო მწვანე და ქვეყნის ეკოლოგია და გარემოს დაცვა ავიდეს იმ ხარისხში, როგორ ხარისხშიც გარემოს დაცვის ერთობლივი პოლიტიკის მიმართულება გვაქვს აღებული”, – განაცხადა ნინო წილოსანმა დოკუმენტის წარდგენისას.

დოკუმენტში გაანალიზებულია სახელმწიფოს გარემოსდაცვითი ფუნქციების განხორციელების შედეგები და განსაზღვრულია საბიუჯეტო პრიორიტეტები და მის საფუძველზე შემუშავებულია რეკომენდაციები 2021-2024 წლებისთვის.

კომიტეტის თამჯდომარემ თავის გამოსვლაში რამდენიმე რეკომენდაციაზე გაამახვილა ყურადღება, კერძოდ სოფლის განვითარების სტრატეგიის გაფართოებაზე, ასევე რეკომენდაციებზე ეკოლოგიის, ეკოტურიზმის მიმართულებით, მწვანე ბიზნესის განვითარების და მისი წახალისების კუთხით, კლიმატური ცვლილებების, ბუნებრივი კატაკლიზმების სტიქიური მოვლენების პრევენციის, ნარჩენების მართვის მიმართულებით, მიღებული კანონების აღსრულების კუთხით და სხვა.

მისი თქმით, ეს არის დოკუმენტი, რომელიც ფაქტობრივად კომიტეტის მომდევნო ოთხი წლის სამუშაო პრიორიტეტებს განსაზღვრავს ბიუჯეტთან მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყოველი წლის ბიუჯეტის განხილვისას კომიტეტმა განსაზღვრული პრიორიტეტები წამოაყენოს წინა პლანზე.

მწვანე ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა კომიტეტმა ორგანიზაცია CENN-თან (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) ერთად დაიწყო, პროექტი მუშავდებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით, ასევე პროგრამულად დაკავშირებულ ორგანიზაციებსა და სტრუქტურებთან ერთად. კომიტეტის თავმჯდომარემ ყველას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გაწეული თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ ყველას ერთობლივ მიზანს წარმოადგენს იმ რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც წარმოდგენილია დოკუმენტში.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე წარადგინა კომიტეტის მიერ განხორციელებული ორი თემატური მოკვლევის ანგარიში, კერძოდ: „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში” და „მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ”, რომლებსაც კომიტეტმა ასევე ერთხმად დაუჭირა მხარი. მომხსენებლის განცხადებით, ორივე თემა მეტად აქტუალურია და ხელისუფლების მხრიდან დიდ ყურადღებას საჭიროებს. საკითხების შესწავლის საფუძველზე ასევე შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა თანმიმდევრობით განხორციელება ქვეყანაში ამ ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაჭრას მეტ-ნაკლებად შეუწყობს ხელს.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივებსა და სარატიფიკაციო დოკუმენტებზეც იმსჯელა. კერძოდ, საბოლოო – III მოსმენით განიხილა:

∙ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (საკითხი გამოიტანა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სულხან მახათაძემ);

∙ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ”, „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ”, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” (საკითხი გამოიტანა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა).

სხდომაზე კანონპროექტების მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არავის ჰქონდა და კომიტეტმა მათ მხარი დაუჭირა.

კომიტეტის წევრებს სარატიფიკაციო დოკუმენტები წარუდგინა და მათ შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ. კერძოდ, ესენია:

∙ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაზე (საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი)”;

∙ „საქართველოს (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P დაფინანსებული პროექტის „საქართველოში საჯარო შენობების ენეგროეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება” განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმების” N1 ცვლილების შეთანხმება”;

∙ „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2019) შეთანხმება”;

∙ „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება)” N1 ცვლილების შეთანხმება”;

∙ „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი”), შორის სასესხო შეთანხმებაზე (კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის (ტრანშები „ა” და „ბ”))”.

კომიტეტის წევრებმა აღნიშნულ დოკუმენტებს მხარი ასევე ერთხმად დაუჭირეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები