ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს
ნორვეგიის “პროგრესის პარტიის” დეპუტატმა, კრისტიან ტიბრინგ-გედემ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა, მსოფლიოში ხანგრძლივი კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევის გამო.
დეპუტატმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა – “ვფიქრობ, სახელმწიფოებს შორის მშვიდობის დამყარების მცდელობაში მან იმაზე მეტი გააკეთა, ვინც აქამდე ყოფილა ნომინაციაზე წარდგენილი”.
ნობელის კომიტეტისადმი გაგზავნილ წერილში ტიბრინგ-გედემ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საკვანძო როლი შეასრულა ისრაელსა და არაბთან გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობის დამყარებაში.
მისი თქმით, “გამომდინარე იქედან, რომ მოსალოდნელია, რომ ახლო აღმოსავლეთის დანარჩენი ქვეყნებიც მიბაძავენ ამ მაგალითს, ეს შეთანხმება შესაძლოა, გახდეს გარდამტეხი, რომლის შედეგად ახლო აღმოსავლეთი გახდება თანამშრომლობისა და აყვავების რეგიონი”.
მოსალოდნელია, რომ 2020 წლის ნობელის ლაურეატების დასახელება 5-12 ოქტომბრის პერიოდში მოხდება.