გერმანიის მთავრობის დახმარებით, ახალციხის მერია ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიის გარდაქმნას გეგმავს
ახალციხეში გერმანიის მთავრობის სახელით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და ახალციხის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმების დოკუმენტს ხელი ახალციხის მერმა – ზაზა მელიქიძემ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ხელმძღვანელმა, დოქტორ კრისტოფ ბაიერმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიის გარდასაქმნელად საერთო კონცეფციის შემუშავება, აქ არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის მიზნით მუნიციპალიტეტისთვის საგრანტო დახმარების გაწევა და აღნიშნული ტერიტორიის მულტი-ფუნქციურ რეკრეაციულ სივრცედ მოწყობა.
„ახალციხეში წლების მანძილზე უფუნქციოდ დარჩენილი და გავერანებული სამხედრო ბაზა მნიშვნელოვნად აფერხებს ქალაქის განვითარებას. გასულ წელს ყოფილი ბაზის ტერიტორიის ნაწილი ახალციხის მუნიციპალიტეტს გადმოეცა. გვინდა სწორად მოვახდინოთ ამ ტერიტორიის ინტეგრირება ქალაქის ურბანულ სისტემაში, რაც ბიძგს მისცემს ქალაქის განვითარებას. სწორედ ამ მიზნით ვგეგმავთ აქტიურ თანამშრომლობას გერმანულ მხარესთან.“ – აღნიშნავს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.
გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 1992 წლიდან საქართველოს კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ეხმარება. 2020 წლის 1-ლი აპრილიდან GIZ-მა დაიწყო ახალი პროგრამის – „კარგი მმართველობა
ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ განხორციელება. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან სტრატეგიული თანამშრომლობით, პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს.
გერმანიასა და საქართველოს შორის განვითარების თანამშრომლობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: BMZ: https://www.bmz.de/
GIZ: https://www.giz.de/en/worldwide/359.html