“პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ინვესტორები ენდობიან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას”

“გლობალური პანდემიისა და ვირუსის გავრცელებით განპირობებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 2020 წლის მე-2 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს მაჩვენებლებია იმ ფონზე, როდესაც, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს გლობალურად შემცირებულია კაპიტალის ნაკადები და მოსალოდნელია ინვესტიციების 40-პროცენტიანი კლება.

„ამ მოცემულობაში, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ინვესტორები ენდობიან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას და პოზიტიურად არიან განწყობილნი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.

გარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ეკონომიკა სტაბილიზაციის შემდეგ უკვე გადავიდა გაჯანსაღების ეტაპზე და ეტაპობრივად მცირდება ქვეყნის ეკონომიკის შემცირების მაჩვენებელი. ჩვენ ივნისში გვქონდა -7.7-პროცენტიანი შემცირება, ივლისში უკვე ეს მაჩვენებელი -5.5 პროცენტამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, ფულადი გზავნილების მაჩვენებელი, ფისკალური პარამეტრები, ხარჯვის მაჩვენებლები არის გაუმჯობესებული და ეკონომიკური აქტივობა გაჯანსაღდა გადამამუშავებელ მრეწველობაში, სამთო-მომპოვებლობით მრეწველობაში, რაც ეკონომიკის რეალური სექტორებია და დასაქმებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია მთავრობის ეკონომიკური პაკეტის როლიც, რადგან აღნიშნულმა გამოიწვია იმ შემცირებული მოხმარების დაბალანსება, რაც თან სდევდა კრიზისს და ადამიანებმა დაიწყეს მეტი ფულის ხარჯვა, გაზარდეს მოხმარება, რაც ეკონომიკას ეხმარება სწრაფად გამოვიდეს კრიზისიდან. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ ეკონომიკა სწრაფად აღდგება და მომდევნო წლის განმავლობაში ჩვენ უკვე გვექნება ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებლები”, – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები