პროკურორი: ანა გაბეჩავამ სასამართლოს წინაშე კონკრეტულ ვიდეო-ჩანაწერებზე ბრალდებულების იდენტიფიცირება მოახდინა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის ბრალდების საქმეზე პროცესი გაიმართა ბრალდების მხარის 7 მოწმე დაიკითხა. მათ შორის არიან მოწმე ანა გაბეჩავა და ის გამომძიებლები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

პროკურორ ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, მოწმეების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები ბრალდების მხარისთვის გამოძიებაში დადებული შედეგების შეფასება იყო.

მისი თქმით, გაბეჩავამ მოახდინა “მერსედესის” მარკისა და “ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომობილების მგზავრების იდენტიფიცირება.

“მათ შორის, აგარაკის ტერიტორიაზე კონფლიქტის დაწყება, რაც გახდა შემდეგ ძალადობის, თავდასხმის, შურისძიების მოტივი, რა მიზნითაც ჩადენილი იყო დანაშაულებრივი ქმედება. კონკრეტულად, აქ საუბარია შურისძიების მიზანზე და მოტივზე. ანა გაბეჩავამ სასამართლოს წინაშე კონკრეტულ ვიდეო-ჩანაწერებზე კონკრეტული ბრალდებულები, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების იდენტიფიცირება მოახდინა. ეს კადრები ეხება, როგორც უშუალოდ თავდასხმის განხორციელების დასაწყისს ავტობანის ტერიტორიაზე, ისე სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას, მათ შორის, გურამ ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტსაც. შესაბამისად, ამ მტკიცებულებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალად შერაცხული ქმედებები კონკრეტული პიროვნებების მიერაა ჩადენილი”, – განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

რაც შეეხება მედიით გავრცელებულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს, სადაც ერთ-ერთი ბრალდებული პირი ამბობს, რომ გაბეჩავა მის წვეულებაზე მყოფ პირებს 15 000 ლარს სთხოვდა, პროკურორის თქმით, გაბეჩავა განმარტავს, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. პროკურორმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, დაპირისპირების მოტივთან მიმართებით, თუ ისაუბრა დღევანდელ სხდომაზე გაბეჩავამ.

“მოტივთან დაკავშირებით ანა გაბეჩავამ გააჟღერა, რომ ეს ე.წ. DJ-სთან მიმართებით ნახალოვკელების მხრიდან იყო შეურაცხმყოფელი შეძახილები. მისი ვარაუდით შესაძლებელია ეს კონფლიქტის მიზეზი გამხდარიყო, თუმცა, უშუალოდ კონფლიქტის დაწყების მომენტი მას არ უნახავს და კონკრეტული სხვა გარემოებები მისთვის უცნობია.

რაც შეეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, თავდასხმის განხორციელების ფაქტს, ამის თაობაზე გაბეჩავამ მოახდინა „მერსედესის მგზავრების“ იდენტიფიცირება.

ესენი არიან საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ძალადობაში. მეოთხე პირთან, ხოჯევანიშვილთა მიმართებით თქვა, რომ ფაქტის შემსწრე იყო და ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია”, – განაცხადა გუგუტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები