ნინო წილოსანი: ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტის მიღებით კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს დავაწესებთ გარემოს დაცვის მიმართულებით
,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტის მიღებით კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს დავაწესებთ გარემოს დაცვის მიმართულებით, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრა ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით შედგა.
როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, საპარლამენტო კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია გარემოსდამცველთა მოსაზრებები და რეკომენდაციები ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით და ეს განხილვაც სწორედ ამ მიზნით იმართება.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით შემოსული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, განსახილველად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს გადაეცა, მისი სავალდებულო განხილვა ასევე დაევალა კიდევ ოთხ კომიტეტს.
ნინო წილოსანის განცხადებით, ამ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას გარემოსდამცველები მოუთმენლად ელოდებოდნენ, ვინაიდან იგი სამართლებრივად არეგულირებს გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციას, შერბილებას და აღმოფხვრას, ახლა კი მთავარ ამოცანას წარმოადგენს ამ კანონპროექტის დროული განხილვა და მიღება. მისივე თქმით, კომიტეტი თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, კანონპროექტის განხილვის პროცესი არ გაიწელოს და იგი დროულად წარედგინოს პარლამენტის პლენარულ სხდომას.
ნინო წილოსანმა შეკრებილ საზოგადოებას მოკლედ გააცნო კანონპროექტის მთავარი პრინციპები და აღნიშნა, რომ ისინი ზოგადად ევროდირექტივიდან, ხოლო დიდ წილად იმ საჭიროებებიდან გამომდინარეობს, რომლებიც ქვეყანაში არსებობს და მათი მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება.
ამგვარად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მყარი სამართლებრივი საფუძველი იქმნება არა მხოლოდ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიებისთვის, არამედ ყველა საწარმოსათვის, რომ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში, მათ განახორციელონ შესაბამისი სარემედიაციო ღონისძიებები და საქმიანობის განხორციელებამდე შექმნან მყარი ფინანსური გარანტიები, რომ თუკი ზიანი დადგება, მათ ჰქონდეთ სათანადო თანხები მობილიზებული ამ ზიანის მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად. ამავდროულად, კანონპროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, პირველ რიგში, გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების სამართლებრივი რეგულირება, რასაც დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს.
კანონპროექტის ზოგადი პრინციპების განხილვა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
კანონპროექტის ცალკეულ დებულებებთან დაკავშირებით, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავიანთი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს. პოზიცია გამოხატა სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც, რომლის განცხადებით, სახალხო დამცველის სამსახური დადებითად აფასებს წარმოდგენილ ინიციატივას, ვინაიდან სახალხო დამცველმა ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე არაერთგზის მიაპყრო საზოგადოების ყურადღება და იმედს გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო რეგულაციები ძირითადად პრევენციაზე იქნება ორიენტირებული და შემდეგ ზიანის აღმოფხვრაზე.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომელსაც ველოდებოდით ყველა, მათ შორის, ძალიან აქტიურად სამოქალაქო სექტორი და ყველა ის ადამიანი, ვინ გულშემატკივრობს ზოგადად გარემოს დაცვას. კანონპროექტი არის რევოლუციური, ის არეგულირებს კერძო სექტორის მიერ გარემოზე ნებისმიერი პოტენციური ზიანის მიყენების ფაქტებს, მის აღმოფხვრას და პრევენციას, ამასთანავე აწესებს კონკრეტულ ფინანსურ უზრუნველყოფას ისეთი საქმიანობებისთვის რომლებიც შესაძლებელია მაღალი რისკის მატარებლები არიან, რაც საბოლოო ჯამში, ამ პროგრამით აკუმულირებული თანხების სწორედ გარემოს დაცვის მიმართულებით განკარგვას მოიცავს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კანონპროექტი არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად განიხილოს იგი კომიტეტებმა და საბოლოო ჯამში დროულად შევიდეს ძალაში იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები დავაწესოთ გარემოს დაცვის მიმართულებით”, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულებისას.