ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით რექტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა საბჭოს ონლაინ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. რექტორთა საბჭოზე ახალი სასწავლო წლის დაწყების შესახებ იმსჯელეს, რომელიც ჩვეულ რეჟიმში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით დაიწყება.
შეხვედრის დასაწყისში მიხეილ ჩხენკელმა უნივერსიტეტების რექტორებს მადლობა გადაუხადა გაზაფხულის სემესტრში დისტანციური სწავლების წარმატებით განხორციელებისთვის.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში, ჩვეულ გარემოში დაიწყება, ვინაიდან ამ ეტაპზე არსებული ეპიდსიტუაცია ამის შესაძლებლობას იძლევა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემამ ერთობლივი ძალისხმევით შეძლოს სიტუაციის შენარჩუნება. ამიტომ უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად უნდა მოხდეს, მათ შორის, 1-მეტრიანი დისტანციის დაცვით, შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარებით და ა. შ.
მინისტრმა განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა აუდიტორიაში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას არ იძლევა, გამონაკლისის სახით შესაძლებელია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვა. დისტანციური სწავლების ფორმატი გავრცელდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც იზოლაციაში/კარანტინში იმყოფებიან.
მიხეილ ჩხენკელმა დისტანციურად განხორციელებული სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით რექტორებს მოუწოდა, გაზაფხულის სემესტრის მსგავსად, იხელმძღვანელონ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები