რუსულ ოკუპაციას შეწირული ადამიანები – გადარჩენისთვის ბრძოლა გრძელდება
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ოფიციალური მოსკოვი, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო მოსამსახურეთა ბაზების მშენებლობის გარდა, ოკუპირებული რეგიონების „ბორდერიზაციასა“ და არაოფიციალურ ანექსიასაც ახორციელებს. ჩრდილოელი „ძმის“ მთავარი მიზანი ძალიან მარტივია: მიტაცებული რეგიონების მაცხოვრებლებს დანარჩენ საქართველოსთან არანაირი კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ. აბა, თავად წარმოიდგინეთ, კრემლის პროპაგანდისტულ მანქანას როგორ გაურთულდება საქმე, თუ აფხაზები და ოსები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლასა და სხვადასხვა, ჯანდაცვისა თუ სოციალური პროგრამით სარგებლობას მასობრივად შეძლებენ. აქ ხომ ისინი იმ ქართულ რეალობას ნახავენ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ბოროტების შესახებ მოსკოვის შეთითხნილ, ბინძურ მითებთან. განსხვავებულ ისტორიებსაც მოისმენენ და თანამედროვე საავადმყოფოებში „დასავლურ“ სამყაროსთან დაახლოების დადებით მხარეებს თავიანთ თავზე გამოცდიან. მერე, იქნებ, იმასაც მიხვდნენ, რომ რუსეთი, უბრალოდ, სიბნელეა და სხვა არაფერი.
2016-17 წლებში მხოლოდ ოკუპირებული გალის მუნიციპალიტეტს დანარჩენ საქართველოსთან ექვსი „გამშვები პუნქტი“ აკავშირებდა. უმეტესობა სწორედ ამ პერიოდში გაუქმდა, დარჩენილი ორიდან კიდევ ერთი კი – მოგვიანებით. დღეს კი, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ოკუპირებულ აფხაზეთთანაც და ცხინვალთანაც დარჩენილი რამდენიმე „გადასასვლელიც“ დაკეტილია.
საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მზადყოფნას მუდმივად გამოთქვამს. ორივე ოკუპირებულ რეგიონში მოძველებული საავადმყოფოები მინიმალურ სტანდარტსაც ვეღარ აკმაყოფილებენ, რომ არაფერი ვთქვათ ექიმების რაოდენობაზე. თუმცა, კორონავირუსთან ბრძოლის დროსაც კი დე ფაქტო ხელისუფლებებმა არჩევანი, ტრადიციულად, კრემლის დღის წესრიგზე გააკეთეს და ხალხს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისთვის თბილისში გადმოსვლა აუკრძალეს. აფხაზებსა და ოსებს პუტინის მარიონეტები ჩვენს საავადმყოფოებში მკურნალობის უფლებას არ აძლევენ. ამ დროისთვის ოფიციალურ თბილისთან დამაკავშირებელი ყველა გზა ჩაკეტილია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამას იმ მოსკოვის გამო აკეთებენ, რომელიც ფულს არ იშურებს სამხედო ბაზების მშენებლობისთვის, მაგრამ საავადმყოფოები და ადამიანების სიცოცხლე საერთოდ არ აინტერესებს.
რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში მდინარე ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. სოფლის რწმუნებულმა, ელგუჯა ბოკუჩავამ თქვა, რომ მამაკაცი გალის ერთერთი სოფლის მკვიდრია და ის, სავარაუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთიდან მდინარის მეშვეობით ზუგდიდში პენსიის მისაღებად გადმოსვლას ცდილობდა. ჩაკეტილ გალში სულ უფრო მძიმდება მდგომარეობა, რადგან იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების უმრავლესობისთვის ქართული პენსია ხშირად არსებობის ერთადერთი წყაროა. ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებს ჩვენთან არ უშვებენ, ამიტომ იძულებულები არიან, სიცოცხლის რისკის ფასად, თავიანთი ოჯახების გამოსაკვებად, ხელოვნური საზღვარი სახიფათო გზებით გადმოლახონ.
2017 წელს გალელი ოთარ ფაცურიაც მდინარე ენგურის გავლით ცდილობდა პენსიის ასაღებად ზუგდიდში გადასვლას. მისი სიცოცხლეც რუსულმა ოკუპაციამ შეიწირა. 2019 წელს ოკუპირებული ახალგორის მაცხოვრებელი, მარგო მარტიაშვილი ინსულტით გარდაიცვალა. მისი ნათესავები ოკუპირებული ცხინვალის „ხელისუფლებას“ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მისი გადმოყვანის უფლებას სთხოვდნენ. ცივსისხლიანმა რეჟიმმა ქალის სიცოცხლე არაფრად ჩააგდო და ტრანსპორტირება არ დაუშვა, არადა, შეიძლებოდა, დღეს ის ცოცხალი ყოფილიყო. მეტიც, ადგილობრივმა „გამგებელმა“, ვიტალი მამიტოვმა გარდაცვლილის შვილს დედის დაკრძალვაზე დასწრების უფლება „პოლიტიკური მოტივით“ არ მისცა.
ამავე პერიოდში, 70 წლამდე ასაკის, ახალგორელი, თამარ გიგაური შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა. თამარი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მოძველებული ტექნიკით აღჭურვილი ცხინვალის საავადმყოფო მისი გადარჩენის შანსებს კიდევ უფრო ამცირებდა. ოკუპირებული ცხინვალი ორ თვეზე მეტხანს არ უშვებდა თამარს რუსების აღმართულ „საზღვარზე“ და მოხუც ქალს სასიკვდილოდ იმეტებდა.
ინფორმაციული ვაკუუმის შესანარჩუნებლად, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელში გადასული ე.წ. საზღვრის პოლიტიკა რიგით მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების უფლებას უკანონოდ ართმევს. რუს ჯარისკაცებს შეუძლიათ, მავთულხლართი გაავლონ იქ, სადაც მოუნდებათ, ომიდან 12 წლის შემდეგაც სახლებიდან გამოყარონ ადამიანები. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ, ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან ერთად, პუტინის პოლიტიკას სულ უფრო ხშირად ჩვეულებრივი ადამიანების სიცოცხლე ეწირება. ფასი, რომელსაც მოსახლეობა რუსეთის იმპერიული მისწრაფებებით ნაკარნახევი პოლიტიკის გამო იხდის, ძალიან მაღალია. რუსული ოკუპაციით ბედნიერი მხოლოდ პუტინი და მისი ხელდასმული კაციჭამია ლიდერები არიან მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ხალხი გადარჩენისთვის ბრძოლას არაადამიანურ პირობებში აგრძელებს.
ზურაბ გეგეჭკორი