ბიბილოვი, ჯაბაევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ე.წ. დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის წინადადებით გამოვიდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა  ე.წ.პარლამენტს შესთავაზა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ყოფილი პატიმრის, ინალ ჯაბიევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიუკერძოებელ და ღია გამოძიებას ჩაატარებს.

“მე, როგორც სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის გარანტი და უბრალოდ მოქალაქე, დაინტერესებული ვარ მიუკერძოებელ გამოძიებაში, ასევე, ვალდებულებას ვიღებ, დავსაჯო ყველა დამნაშავე, მიუხედავად მათ მიერ დაკავებული თანამდებობისა”, – აღნიშნა ბიბილოვმა.

მან ჯაბაევის გარდაცვალებას “გაუგონარი დანაშაული” უწოდა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივების პროტესტი პატიმარ ინალ ჯაბიევის 28 აგვისტოს გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც მანამდე, სავარაუდოდ, ნაწამები იყო.

ე.წ.საგამოძიებო იზოლატორთან იმავე დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა ე.წ.გენპროკურორის გადადგომა და ყველა დამნაშავე პირების დასჯა მოითხოვეს.

მომხდარს დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჯაბიევის გარდაცვალების საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს და ე.წ. შს მინისტრი, იგორ ნანიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მოგვიანებით, დე ფაქტო მთავრობაც გადადგა, ე.წ. პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე კი დე ფაქტო პრეზიდენტისადმი მიმართვა მომზადდა ე.წ. გენპროკურორის გადაყენების მოთხოვნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები