ასლან ბჟანია: “პატრიოტთა ალიანსი” მზად არის, აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში ე.წ. პარლამენტის სხდომა გაიმართა, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ესწრებოდა.
სხდომაზე ე.წ. რესპუბლიკაში “პატრიოტთა ალიანსის” წევრების ჩასვლის საკითხი განიხილებოდა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
როგორც გამოცემა ე.წ. დეპუტატებზე დაყრდნობით იტყობინება, ასლან ბჟანიამ განმარტა, რომ მოსკოვში რიგი შეხვედრა გამართა, დაწყებულია მოლაპარაკებებიც.
ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ “პატრიოტთა ალიანსი” მზად არის თანამშრომლობისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. ასევე, დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, შექმნილ ვითარებაზე საკუთარი ხედვა წარმოადგინოს. გარდა ამისა, გამოთქვას აზრი “მეზობელ რესპუბლიკასთან” ურთიერთქმედების აუცილებლობაზე.
შეხვედრაზე ე.წ. დეპუტატებმა ილორის ტაძრისთვის ხატის გადაცემის ფაქტზე ისაუბრეს. ე.წ. დეპუტატების თქმით, ბჟანიამ აღნიშნული ,,ჰუმანიტარული ხასიათის მოვლენად,, შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი ქმედება არავისთან შეთანხმებული არ ყოფილა.
გარდა ამისა, ე.წ. კანონმდებლებმა ბჟანიას კითხვით მიმართეს: რის საფუძველზე მიიღო მან გადაწყვეტილება ქართულ მხარესთან ურთიერთქმედების შესახებ, რაზეც ბჟანიამ თქვა – “ჩვენ შეცდომა დავუშვით”.