რას ჰყვება ბაჩალიაშვილის მეგობარი, დეა კაპანაძე – “მითხრა, რომ 2-ჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა”
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი, დეა კაპანაძე ტელეკომპანია “რუსთავი2”-თან დეტალურად საუბრობს მეგობართან ურთიერთობაზე და პასუხობს ყველა იმ კითხვასა და ბრალდებას, რომელიც როგორც მის მიმართ, ისე გარდაცვლილი პროგრამისტის საქმეზე არსებობს.
დეა კაპანაძე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მხრიდან მისი მისამართით წამოსულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა.
“რატომ, რის გამო დამადანაშაულეს, აზრზე არ ვარ, უბრალოდ, მართლა ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი ფსიქიკაზე. ყველანაირად ვცდილობდი, რომ არ მიმექცია ყურადღება. მესმის, რომ შვილი ჰყავს მკვდარი და გულთანაც მიმაქვს ეს ყველაფერი და მართლა ბოლომდე მესმის. ჰგონია, რომ ვიმალები, მაგრამ რაც ვიცოდი, პოლიციაში მართლა ყველანაირად ვეხმარები, რომ პატარა დეტალიც გავიხსენო, რაც შეიძლება, გამოსადეგი იყოს. არ შემიცვლია 5-ჯერ ჩვენება. იყო, მაგალითად, რომ პირველ 2 დღეს არც კი ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, მკვდარი სადმე გვენახა. ვფიქრობდით, რომ ვიღაცამ მოიტაცა ან რაღაც მსგავსი. დავაფიქსირე ჩვენებაშიც, რომ თავის მოკვლა ან მკვლელობა გამორიცხული რაღაცაა. მერე გარდაცვლილი რომ ვიპოვეთ, სხვანაირად დავიწყე ფიქრი. 5-ჯერ ნამდვილად არ შემიცვლია, უბრალოდ, გარემოებები იყო ისეთი, რომ სხვადასხვა უწყება მკითხავდა და სხვადასხვა კითხვაზე სხვადასხვა პასუხი იყო”, – აცხადებს დეა კაპანაძე.
როგორც ის იხსენებს, მას რამდენიმე წლის წინ თამარ ბაჩალიაშვილი გამოუტყდა, რომ სკოლის პერიოდში სუიციდის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა.
“3 თუ 2 წლის წინ იყო, აივანზე ვისხედით და ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ გამიმხილა ასეთი რაღაც და თავი ვიგრძენი, რომ მართლა ახლო მეგობარი ვიყავი მისთვის. რომ მითხრა, აღარ ჩავეძიე, არ მინდოდა რომ გული მეტკინა და დამემძიმებინა. მითხრა, რომ 2-ჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა”, – აღნიშნა დეა კაპანაძემ.
წყარო: rustavi2.ge