ლუგარის ლაბორატორიის ვებ-გვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა – შსს განცხადებას ავრცელებს

შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემის კიბერთავდასხმის ფაქტის გამოძიება დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენტიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი. ამასთანავე, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით.

ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, აღნიშნული კიბერშეტევა განხორციელებულია ერთერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს საათებში მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს ამ რთული და სპეციფიკური დანაშაულის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებაში ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით.

სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ იმ დოზითა და პერიოდულობით, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიების ინტერესებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები