მირიან ნიკოლაძე – ექსპერტიზის დასკვნაზე: გაეცა პასუხი ყველა გარემოებას, ოჯახს სწამს, რომ მკვლელები არიან “ტოიოტას” მგზავრები

“ამ ექსპერტიზით ზუსტად, ამომწურავად გაეცა პასუხი ყველა მნიშვნელოვან გარემოებას”, – ამის შესახებ მოკლული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ტელეკომპანია “პირველთან” განაცხადა.

მისი თქმით, დადასტურდა, 3-4 დღის განმავლობაში, როცა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, გიორგი წყალში იმყოფებოდა.

“კარგია, რომ დასკვნა მოესწრო გამოძიების ფარგლებშივე. მან ძალიან ბევრ კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი. დადგინდა, რომ გიორგის არ შეეძლო გადაადგილება, შესაძლო იყო, ამ ტრავმებს გამოეწვია მისი ე.წ შოკირებული მდგომარეობა, რაც ცხადყოფს იმას, რომ კვლელებმა, რომლემაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა,  გადააგდეს ბავშვი არაგვში.

მეორე მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ათასი სისულელე ჟღერდებოდა გარდაცვლილი ბავშვის ტრანსპორტით გადაადგილებაზე, ტარებაზე 2 დღის განმავლობაში, მორიგი სისულელე. ცალსახად გაესვა ხაზი, რომ ეს პერიოდი არის ძალიან შემჭიდროვებული, ანუ დაზიანების მიყენებიდან გიორგის სიკვდილის დადგომამდე. ბიოლოგიური სიკვდილი დგება, დაახლოებით, 7-დან 10 წუთამდე პერიოდში, შესაბამისად, 10 წუთი სრული თანხვედრაა, რაც ხაზს უსვამს, რომ მყისიერად მიყენებული დაზიანებების შემდეგ გიორგი გადაგდებული იქნა არაგვში.

მესამე, იყო აბსურდული საუბარი, რომ ბავშვი წყალში არ იყო მოხვედრილი იმ პერიოდში, რაც გამოძიებაში იყო მითითებული. ესეც დადასტურდა, რომ გიორგის წყალში ყოფნის დროს არის ზუსტად ის 3-4 დღე, როცა მიმდინარეობდა მისი სამძებრო სამუშაოები.

ამ ექსპერტიზით ზუსტად, ამომწურავად გაეცა პასუხი ყველა მნიშვნელოვან გარემოებას და მინდა, დღესაც გადმოგცეთ ოჯახის პოზიცია, მშობლების – მათ სწამთ, რომ მკვლელები არიან ,,ტოიოტას” მგზავრები, რომელთაც ბრალი წარედგინათ”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, დღეს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები