საქართველო ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდულ ოლიმპიადას – EJOI-ს მასპინძლობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2-6 სექტემბერს ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდული ოლიმპიადა, რეკორდულად ბევრი, 30-მდე ქვეყნის მონაწილეობით ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ცნობით, ოლიმპიადის ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“ უზრუნველყოფენ.
ოლიმპიადა 2 სექტემბერს 16:00 საათზე ელექტრონულ ფორმატში საზეიმო ცერემონიით გაიხსნება, რომლის ფარგლებში გაიმართება საქართველოს შესახებ საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის მიხეილ ჩხენკელის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის, ჯაბა სამუშიასა და ოლიმპიადის პრეზიდენტის, გიორგი მანდარიას მისალმების შემდეგ ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების წარდგენა მოხდება.
“წელს საქართველო ძირითადი გუნდის გარდა, წარადგენს დამატებით გუნდს, რომელიც ოლიმპიადაში კონკურსგარეშე მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებული გუნდები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები, შესარჩევი ტურების შედეგად გამოვლინდებიან. ოლიმპიადის საზეიმო დახურვა 6 სექტემბერს, 17:00 საათზე ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
2020 წლის საქართველოში ჩატარებული ოლიმპიადისთვის შეიქმნა ოფიციალური ვებგვერდი  http://ejoi2020.ge, მომზადდა ამოცანები და სპეციალური ავტომატიზებული მატესტირებელი სისტემა.
ოლიმპიადის მასპინძლობით, მისი საერთაშორისო სტანდარტებისა და მაღალი დონის ორგანიზებით საქართველო კიდევ ერთხელ წარმოჩნდება როგორც  ქვეყანა, რომელსაც ღირსეული ადგილი უჭირავს ევროპისა და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და ამ სფეროში სათანადო, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებისა თუ პედაგოგიური კადრის არსებობით.
ინფორმატიკის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდები ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის შედეგებისა და დამატებითი შესარჩევი ტურის შედეგების საფუძველზე, შესაბამისი ასაკობრივი ზღვარის გათვალისწინებით შეირჩა”,-ნათქვამია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
​ცნობისათვის, ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. იგი იმართება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის წესებისა და სტანდარტების მიხედვით. პირველად ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა (EJOI) 2017 წელს ბულგარეთში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები