„შეცვლის, თუ არა სამოქალაქო პროტესტი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ვითარებას?“ – მამუკა არეშიძის განმარტება

შეცვლის, თუ არა სამოქალაქო პროტესტი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პოლიტიკურად რაიმეს? – ამ საკითხთან დაკავშირებით კონფლიქტოლოგმა, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

არეშიძე ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცვლილებები დაწყებულია. მისი თქმით, დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პოზიციები სერიოზულადაა შერყეული.

„ცვლილებები უკვე დაიწყო: ე.წ. მთავრობა გადადგა, არ არის გამორიცხული, რომ ე.წ. პრეზიდენტიც მიჰყვეს.
უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპის აქციები გვინახავს ცხინვალში კოკოითის ე.წ. პრეზიდენტობამდე. მაშინ იქაური საზოგადოება სხვას უჭერდა მხარს. ამას ზამთარში, თოვლში ხანგრძლივი აქციები მოჰყვა.
დღევანდელ აქციებს ცოტა განსხვავებული ხასიათი აქვს. სხვათა შორის, ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ ძალიან ნიშანდობლივი იყო „ეხო კავკაზას“ ადგილობრივი ჟურნალისტის, მურად გაკემუხოვის წერილი, სადაც წერდა, რომ ტატუნაშვილის ამბავს თუ ვაპატიებთ დღევანდელ ხელისუფლებას, მაშინ ამას აუცილებლად მოჰყვება ანალოგიური შემთხვევები უკვე ოსი ეროვნების მოქალაქეების მიმართო. ის მართალი აღმოჩნდა. იზოლატორებში, ციხეებში, წინასწარი დაკავების საკნებში ხალხის წამება მიღებული ფორმა იყო. საბოლოოდ, იმ უმძიმესმა ფსიქოლოგიურმა ფონმა, ეკონომიკურმა მდგომარეობამ და კრებსით ამ ფაქტმა მორჩილი ხალხი აქციებმამდე მიიყვანა. ეს მხოლოდ ჯაბაევის სიკვდილის გამო არ იყო. ეს იყო პროცესის, შექმნილი ფსიქოლოგიური ფონის გამო“, – განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, ბიბილოვის შეცდომებმა ხალხის ქუჩაში გამოსვლა განაპირობა, რაც მოსკოვს არ აწყობს.

„ცვლილებები უკვე მიმდინარეობს. ბიბილოვის პოზიციები სერიიოზულად შერყეულია. როგორც ჩანს, არის მოსკოვის უკმაყოფილებაც. რა სჭირდება მოსკოვს ცხინვალისგან: მათთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთი არასდროს იქნება სრულყოფილი, სუვერენული სახელმწიფო, თუნდაც  – მოკავშირე.  ეს მათთვის არის ერთი დიდი სამხედრო ბაზა. რუსეთს სჭირდება, რომ იქ მუდმივი სტაბილურობა იყოს, ხალხი ჩუმად უნდა იყოს და ემსახურობოდეს იმ მიზანს, რომელიც მოსკოვს აქვს. ბუნტი და არეულობა არავის აწყობს. ბიბილოვის შეცდომებმა ხალხის ქუჩაში გამოსვლა განაპირობა, ეს მოსკოვს არ აწყობს. მე მგონია, რომ თუ ბიბილოვს იქედან არ მოაშორებენ, ის ძალიან სერიოზულად დაისჯება. ამ ხალხსაც გასდის, ისინი გრძნობენ გარკვეულ მხარდაჭერას ყოფილი პოლიტიკოსებისგან, ვლადიკავკაზის ლიდერებისგან, ასევე, გრძნობენ მოსკოვის ჩუმ მხარდაჭერას. მოკლედ, ბიბილოვმა დაუშვა შეცდომა და შექმნა დისკომფორტი. ხალხსაც მეტი გული მიეცა. ეს არ არის აფხაზეთი, ეს არის, პრაქტიკულად, კოლონია, რომლის გარნიზონმაც უკმაყოფილება გამოთქვა საკვების უხარისხობის გამო“, – განაცხადა არეშიძემ.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივების პროტესტი პატიმარ ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც მანამდე, სავარაუდოდ, ნაწამები იყო.
ე.წ.საგამოძიებო იზოლატორთან იმავე დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა ე.წ.გენპროკურორის გადადგომა და ყველა დამნაშავე პირების დასჯა მოითხოვეს. მომხდარს დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჯაბიევის გარდაცვალების საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს და ე.წ. შს მინისტრი, იგორ ნანიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მოგვიანებით, დე ფაქტო მთავრობაც გადადგა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები