ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენპროკურორი თანამდებობიდან გადადგომის პირობას ასახელებს
ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.გენერალური პროკურორი, ურუზმაგ ჯაგაევი თანამდებობის დატოვებისთვის მზაობას გამოთქვამს იმ შემთხვევაში, თუ “დეპუტატები, რომლებიც ცხინვალის ცენტრში აქციაზე გამოდიან, მანდატებსა და სადეპუტატო ხელუხლებლობაზე უარს იტყვიან და კანონიერად დაისჯებიან”.
მან ჩამოთვალა ის საქმეები, რომელთა გამო შესაძლებელია ალექსანდრე პლიევის, ძამბულატ მედოევის, დავიდ სანაკოევისა და ალან გაგლოევის წინააღმდეგ საქმის აღძვრა.
კერძოდ, საუბარია ისეთ საქმეებზე, როგორებიც არის “ყალბი დოკუმენტებით სარგებლობა”, “დანაშაულის დაფარვა” და სხვა.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივების პროტესტი პატიმარ ინალ ჯაბიევის 28 აგვისტოს გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც მანამდე, სავარაუდოდ, ნაწამები იყო.
ე.წ.საგამოძიებო იზოლატორთან იმავე დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა ე.წ.გენპროკურორის გადადგომა და ყველა დამნაშავე პირების დასჯა მოითხოვეს.
მომხდარს დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჯაბიევის გარდაცვალების საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს და ე.წ. შს მინისტრი, იგორ ნანიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მოგვიანებით, დე ფაქტო მთავრობაც გადადგა, ე.წ. პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე კი დე ფაქტო პრეზიდენტისადმი მიმართვა მომზადდა ე.წ. გენპროკურორის გადაყენების მოთხოვნით.
17-მა ე.წ.დეპუტატმა კი განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, რომ “პარლამენტის მუშაობა ჩერდება იქამდე, სანამ ანატოლი ბიბილოვი ხალხისთვის მიცემულ პირობას არ შეასრულებს და გენერალურ პროკურორს თანამდებობიდან არ გაათავისუფლებს”.