არჩილ გორდულაძე: მაიკლ ო’ფლაერტის ნებისმიერი განცხადება დაცლილია სამართლებრივი ნაწილისგან

“ჩვენ მიერ მიღებული თითოეული საკანონმდებლო ცვლილება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ამავდროულად, ადამიანის უფლებების ევროპულ ქარტიასთან”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტის მიერ გამოქვეყნებულ მემორანდუმზე საუბრისას განაცხადა.

გორდულაძის თქმით, მაიკლ ო’ფლაერტის ნებისმიერი განცხადება და კრიტიკა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

“ბატონი ო’ფლაერტი არის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი და წესით, კარგად უნდა ერკვეოდეს ადამიანის უფლებებში და ამავდროულად, თავის განცხადებებში ძალიან კონკრეტული უნდა იყოს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია პოლიტიკური შეფასებებიც ჰქონდეს, მაგრამ როდესაც ადამიანის უფლებებზეა საუბარი, მთავარი სამართლებრივი ნაწილია. ვერსად ვერ ვნახეთ და ვერც ვნახავთ ვერცერთ სამართლებრივ ნაწილს, რადგან ასეთი კანონმდებლობაში არ არის. ვერანაირი კრიტიკა სამართლებრივ ნაწილში ვერ იქნებოდა, რადგან ჩვენს მიერ მიღებული თითოეული საკანონმდებლო ცვლილება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ამავდროულად, ადამიანის უფლებების ევროპულ ქარტიასთან.

ამასთან, ო’ფლაერტი არის ის ადამიანი, რომელმაც 2024 წელს სხვადასხვა დროს რამდენჯერმე, როგორც განცხადებებით, ასევე წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ითხოვდა, რომ “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი” გაუქმებულიყო, რადგან თურმე ეს არის შემზღუდავი ადამიანის უფლებებისა. მარტივი კითხვაა: ო’ფლაერტი ითხოვდა თუ არა, რომ კანონით არ ყოფილიყო აკრძალული და შესაბამისად, ყოფილიყო დაშვებული სკოლებში და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა? ითხოვდა თუ არა, რომ ამ თემის წარმომადგენლებს ჰქონოდათ შესაძლებლობა ბავშვები აეყვანათ? ითხოვდა თუ არა, რომ ჩანაწერი, რომ ინცესტი აკრძალულია, ამოღებული ყოფილიყო და გაუქმებულიყო?

მარტივია, რომ დიახ, ეს ადამიანი ამ ყველაფერს ითხოვდა. ამ ყველაფრის შემდეგ მისი ნებისმიერი განცხადება, ე.წ კრიტიკა სრულად დაცლილია სამართლებრივი ნაწილისაგან და მიმართულია მხოლოდ იმ პოლიტიკის განსახორციელებლად, რომელიც დაბუდებულია ევროკავშირის მასშტაბით, რომელსაც ცრუ და ნეოლიბერალური, მათ შორის ადამიანის უფლებების სრულად ფეხქვეშ გათელვის და სეგრეგაციის მცდელობის პოლიტიკა ჰქვია”, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს პროგრესს მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველყოფის კუთხით და გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები