“მიუხედავად იმისა, რომ დღეს 38 ინფიცირებულია, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის”
“მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვყავს 38 ინფიცირებული, რა თქმა უნდა, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს და ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები.
„საუბარია იმაზე, რომ საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს. ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. ჩვენი პასუხისმგებლობა აქ არის მაღალი იმისთვის, რომ არანაირი რისკი სასწავლო პროცესს არ შეექმნას. ამისთვის საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ზომების მკაცრი დაცვა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმინისტრმა შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები.
„ქალაქის მერიას მინდა, მოვუწოდო – ნორმები, რომლებიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები იმიტომ, რომ სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებითა და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.