„არის ქვეყანაში ეროვნული ინტერესები, სადაც, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა, ყველას მოგვეთხოვება, დავიცვათ ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება”

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პლენარულ სესიაზე ძირითადი აქცენტი პოლიტიკურ პროცესზე, წინასაარჩევნო პერიოდზე და იმ მანკიერ პოლიტიკურ ვითარებაზე გააკეთა, როდესაც პოლიტიკოსები ჩვენი ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის მიზანმიმართულ პოლიტიზირებას ახდენენ.

მისი თქმით, თითქმის ყველა არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობა” და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალები თავს ესხმიან თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორს, ცდილობენ მათ ჩათრევას პოლიტიკურ პროცესებში.

„ხშირად გვაქვს საქმე ამ ინსტიტუტების დისკრედიტაციასთან. სულ რამდენიმე ხანია რაც მასირებულად ხდება მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მისი თანამშრომლების დისკრედიტაცია. გარკვეული ტრაგედიების დროსაც კი, რაც ყველას ტკივილია, პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება ამ ინსტიტუტების და შესაბამისი თანამშრომლების დისკრედიტაცია, რაც არის აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელი”,-აღნიშნა სესიაშვილმა.
მისივე განცხადებით, მმართველი გუნდის ოპონენტებს ყველაზე მეტად ეშინიათ ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების და დემოკრატიის.
„ეს თავდასხმები გრძელდება და პირადად მე მაქვს მოლოდინი, რომ წინასაარჩევნოდ ამ ბინძურ ხერხებს ჩვენი ოპონენტები გააგრძელებენ, მაგრამ ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მინდა მათ მოვუწოდო, რომ არის ქვეყანაში ეროვნული ინტერესები, სადაც მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა, ყველას მოგვეთხოვება დავიცვათ ეს სტანდარტი, და ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ეს არის ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის დეპოლიტიზაცია, ეს არის ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მოვუწოდებ თქვენს პოლიტ მედია საშუალებებს, ხელი აიღეთ თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორზე თავდასხმაზე, თქვენივე პოლიტიკური ინტერესებისთვის და მინიმუმ დავიცვათ ის სტანდარტი, რაც ემსახურება ჩვენს ქვეყანას, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას”,-განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი სესიაშვილი თავის გამოსვლაში ასევე მიესალმა სტუმრებს შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან და განაცხადა, რომ 7-18 სექტემბერს, ჩვენს ქვეყანაში უკვე მეხუთედ, ჩატარდება სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020″, რაც არის ძალიან მაღალი დონის წვრთნები და რაშიც, მათ შორის, ჩართული იქნება შეერთებული შტატების სამხედრო საფრენი აპარატები. მან წარმატება და პროფესიული წინსვლა უსურვა წვრთნაში მონაწილე ძალებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები