„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამოდის“ – რა სტანდარტებს აწესებს კოდექსი

სახელმწიფო ორგანიზაცია „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამოდის და მისი ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ კუპრაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რაჟდენ კუპრაშვილი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედებას გამოეხმაურა.

მისი განმარტებით, კოდექსი ბავშვის ყველა უფლებასა და თავისუფლებას მოიცავს, ასევე მათი დაცვისა და რეალიზებისთვის საჭირო მექანიზმებს აწესებს.

კუპრაშვილის განმარტებით, „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გამომდინარეობს გაეროს კონვენციიდან, მასში სისტემურად თავმოყრილია ბავშვის უფლებიდან გამომდინარე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

მისივე თქმით, კოდექსი არ გულისხმობს მხოლოდ ბავშისთვის უფლებების მინიჭებას, არამედ მათ მიერ თავიანთი ვალდებულებების აღქმას და გააზრებასაც მოიცავს.

„კოდექსი გამოდის ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან. ამოვდროულად, ის ითვალსიწინებს ძალადობის წინააღმდეგ ღონისძიებებს. ძალიან მნიშვნელოვანია „იურიდიული დახმარების სამსახურის“ როლი აღნიშნული კანონის ამოქმედებაში. ჩვენი მანდატი სრულად მოიცავს არასრულწოლოვნებისთვის, ბავშვებისთვის უფასო სამართლებრივ დახმარებას. ამავდროულად, სამსახური ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს იმისთვის, რომ ყველა ბავშვისთვის, მოზარდისთვის ხელმისაწვდომი იყოს უფასო სამართლებრივი დამხარება . ჩვენ რეგიონებში დამატებით 37 ოფისი გავხსენით ჩვენი საკონსულტაციო ცენტრები და ბიუროები, ადვოკატები მზად არიან, ნებისმიერი არასრულწლოვნის ინტერესები დაიცვან.
მივიღეთ კოდექსი, მაგრამ ძალინ მნიშვნელოვანია ეს კოდექსი მიტანილი იყოს ბავშვებამდე, მშობლებამდე, მოქალაქეებამდე,რათა იცოდნენ მათი უფლებები და ვალდებულებები. ამისთვის დავიწყეთ პროექტი „იცოდე შენი უფლებები 18 წლამდე“, ჩვენი ადვოკატები სასწავლო დაწესებულებებში ხვდებიან მოსწავლეებს. ჩვენ დავიწყეთ ასევე პროექტი ინტერნეტის, „ზუმის“ მეშვეობით, ნებისმიერ ბავშვს შეუძლია, ჩვენს პორტალზე დარეგისტრირდეს და მიიღოს შეხვედრაში მონაწილეობა, სადაც ადვოკატი აუხსნის კოდექსის მნიშვნელობას, უფლებებთან დაკავშირებით ექნებათ საუბრები.
აღნიშნული რეფორმა ჩვენი მომავალი თაობის საუკეთესო ინტერესებიდან გამოდის და ბედნიერი ცხოვრების შესაქმნელადაა მნიშვნელოვანი“- განაცხადა კუპრაშვილმა.
მისივე თქმით, კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს: ოჯახში, ასევე ყველა ტიპის ძალადობისგან დაცვას, ინკლუზიურ განათლებისა და ჯანდაცვას, სოციალური დაცვისა და მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლებების განხორციელებას, ბავშვის საუკეთესო ინტერესს.
„ერთმანეთისგან იმიჯნება ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, ასევე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციები ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში. იზრდება სახალხო დამცველის საზედამხედველო როლი ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით. იქმნება მონაცემთა შეგროვების და ანალიზის ეროვნული გეგმა და ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმი.
განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულება – შეიმუშაონ ბავშვის სოციალური აქტივობის განვითარების, სოციალური ინტეგრაციის, მოხალისეობის ხელშემწყობი, აღმზრდელობითი, ჯანმრთელობის მხარდაჭერის, ოჯახში მხარდაჭერის პროგრამები. იქმნება ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა, რაც გულისხმობს უფასო იურიდიულ დახმარებას, ბავშვთან მუშაობისთვის სპეციალიზებული პირების მომზადებას. წესდება დამატებითი სანქციები ბავშვის საჯარო სივრცეში ყოფნის წესების დარღვევის შემთხვევაში. ბავშვის ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების და ოჯახის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების პროცესში შესაძლებელია რელიგიური კონფესიების ჩართვა.
2020 წლის 1 სექტემბრამდე, მხოლოდ ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული და დაზარალებული არასრულწლოვნები სარგებლობდნენ უფასო იურიდიული დახმარებით. რაც შეეხება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს, კანონი არ ითვალისწინებდა ბავშვთა უფასო იურიდიულ დახმარებას.
ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების შემდეგ კი, უფასო იურიდიული დახმარება ხელმისაწვდომი იქნება ყველა არასრულწლოვნისთვის, მათ შორის გამოსაკითხი და დასაკითხი პირებისთვის ყველა კატეგორიის დანაშაულზე. ასევე არასრულწლოვნებს უფლება ექნებათ, ისარგებლონ უფასო კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით საქმოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზეც სახელმწიფოს ხარჯზე“ – განმარტავენ „იურიდიული დახმარების სამსახურში”.
შეგახსენებთ, „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ დღეიდან ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები