გენადი მარგველაშვილი: არ მგონია, რომ „ნიანგის ცრემლები”, რომლებიც ახლა ჩვენს ოპონენტებს სდით, გულიდან გამოწვეული იყოს
„აქ იყო საუბარი წინა ხელისუფლების დანაშაულობებსა და შეცდომებზე და მე არ მგონია, რომ „ნიანგის ცრემლები”, რომლებიც ახლა ჩვენს ოპონენტებს სდით, იყოს გულიდან გამოწვეული ელემენტარული მიზეზის გამო, მაშინ ჩამოთვალონ ის „შეცდომები”, რაც ჰქონდათ მათ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
გენადი მარგველაშვილის განცხადებით, ახლა ძირეულადაა შეცვლილი დამოკიდებულება განათლების ყველა მიმართულების მიმართ, დაწყებითი იქნება ეს, ზოგადი, პროფესიული თუ სკოლამდელი და ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს სწორედ ქართველი მოსწავლეების წარმატებები და მიღწევები საერთაშორისო ოლიმპიადებზე.
“ამ შეცდომებს, მე ვიტყოდი, რომ ეს უფრო დანაშაულია, ვიმკით ახლა ჩვენ თუნდაც სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის არქონიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ასეულობით საბავშვო ბაღი, მისი ინფრასტრუქტურა, მისი ტერიტორია იქნა გასხვისებული და განადგურებული იმ პერიოდში, რომელსაც სწორედ ახლა იმკის ჩვენი ქვეყანა.
პირველი შედეგი უკვე არის -ეს არის აზიის საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკაში, სადაც ჩვენმა ბავშვებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი აიღეს, რაც ძალიან მაგარი შედეგია და თითოეულ მათგანს მსურს წარმატება ვუსურვო სამომავლოდ”, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, გუშინ საბოლოო შედეგების გამოცხადებით დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები. გენადი მარგველაშვილის შეფასებით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, ჯანდაცვის სპეციალისტების მონაწილეობით, უმაღლეს დონეზე გაართვა თავი პანდემიის პირობებში გამოცდების ორგანიზებას და თავიდან იქნა აცილებული დაავადების გავრცელების კუთხით არსებული საფრთხეები. შედეგად, 30 ათასამდე აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.
„ვულოცავ მათ სტუდენტობას, ეს არის ჩვენი მომავალი, რომლებმაც შემდეგში უნდა გააგრძელონ ღირსეული სვლა ჩვენი ქვეყნისა და განსაკუთრებულად მინდა მივულოცო იმ აბიტურიენტებს, რომლებიც წელს გახდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც საერთო ჯამში სწორედ უნდა დანერგონ და გააძლიერონ ჩემი ქალაქის, ამ შემთხვევაში, საგანმანათლებლო ქალაქად ჩამოყალიბება და ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰაბად ჩამოყალიბება სამომავლოდ. აქვე მსურს ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების” გუნდი საერთო ჯამში სამომავლოდ შეიცვლება, შეიცვლება კიდევ უფრო უკეთესი გუნდით, რომელიც სწორედ იმ აბიტურიენტების, წარმატებული მოსწავლეების თუ წარმატებულ მეცნიერთაგან ჩამოყალიბდება, რომლებიც ღირსეულად და ადამიანის ღირსების დაცვით მოვლენ სამომავლოდ მთავრობაში, ეს არ იქნება ის გუნდი, რომელმაც ნულოვანი ტოლერანტობით და ადამიანის ღირსების განადგურებით დაიწყო”, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.