„საქართველოს მთავრობის მიდგომა პოზიტიურია“

ევროატლანტიკურ გზაზე მყარად დგომა და რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის დამყარების მცდელობა – ეს ორი რამ ერთმანეთის საპირისპირო არ არის, ჩვენ ამის გვჯერა, – ამის შესახებ განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა.
მისი განცხადებით, საქართველო ნატოსთვის ძლიერი პარტნიორია. აპატურაის შეფასებით, საქართველოს ახალი მთავრობის მიდგომები ნატოსთან ურთოიერთობებში მათთვის მისაღებია, რაც მისი თქმით, ევროატლანტიკურ გზაზე მყარად დგომას ნიშნავს.
„ეს შეხვედრა ბრიუსელში ორი კონტექსტის პირობებში იმართება: პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენი და საქართველოს ძლიერი და კარგი პარტნიორობაა. თუმცა, ჩვენ ამავე დროს ვხვდებით იმ ოთხი სახელმწიფოს მეთაურებს, რომლებიც ნატოს წევრობის ასპირანტები არიან. ნატოს თვალთახედვით, ახალი მთავრობის მიდგომა, რომელიც უკვე არც ისე ახალია, პოზიტიურია. არ ვიტყოდი, რომ ის ფუნდამენტურად განსხვავდება წინა მთავრობის მიდგომისგან.  ევროატლანტიკურ გზაზე მყარად დგომას პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ. მნიშვნელოვანია,  რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის დამყარების მცდელობაც. ეს ორი რამ ერთმანეთის საპირისპირო არ არის, ჩვენ ამის გვჯერა. ჩვენ  გვსურს ურთიერთობის გაღრმავება, მაგრამ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენს დამფუძნებელ ქარტიაში წერია და ეს არ შეიცვლება. დღეს ჩნდება მხოლოდ კითხვები,  როდის და როგორ, და ეს დიდწილად ასპირანტი ქვეყანაზეა დამოკიდებული“,- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები