აურზაური აფხაზეთში- სეპარატისტები ინაშვილის ილორში ჩასვლას აპროტესტებენ და „პრეზიდენტს“ ახსნა-განმარტებას სთხოვენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის რიგგარეშე სესიის ჩატარება იგეგმება. აფხაზური მედიის ცნობით, ე.წ. პარლამენტი დიდი ალბათობით სექტემბერში შეიკრიბება და სხდომას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და ე,წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელძღვანელიც დაესწრება. როგორც ირკვევა, მომავალი სესიის დღის წესრიგში მთავარი თემა 18 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის ილორის ტაძარში ჩასვლა და იქ ღვთისმშობლის ხატის ჩატანა იქნება.

ორგანიზაცია „არუას“ ( აფხაზეთში 1991-1992 წ.წ. ომის ვეტერანები) უმაღლესი საბჭოს წევრის თემურ ნადარაიას განცხადებით, ამას ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერავინ წარმოიდგენდა. ნადარაიას თქმით, აუცილებელია, გაირკვეს როგორ და ვისი ნებართვით მოხერხდა ქართველი მაღალჩინოსნის აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა და დამნაშავენი უნდა დაისაჯონ.

მომხდარით აღშფოთებულია პარტია „აფსნის“ თავჯდომარე ვიტალი გაბნიაც.
”ეს არის უსიამოვნო ინციდენტი. ჯერ კიდევ ხაჯიმბას გადადგომამდე სანამ ახალი მთავრობა ჩამოყალიბდებოდა საქართველოს მიმართულებით ადგილი ჰქონდა ერთგვარ რევერანსებს. ეს ამაზრზენი და მიუღებელია. არასახელმწიფოებრივი მიდგომაა და სავაჭრო დახლს მაგონებს“, – აცხადებს გაბნია.

აფხაზი პოლიტიკოსები ე.წ. პროკუროს სთხოვენ გაარკვიოს, რა როლი მიუძღვის მომხდარში ასლან ბჟანიას. როგორც ირკვევა „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტს ილორში ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწე ლაშა საქანია კურირებდა. ომის ვეტერანებთან გამართულ შეხვედრაზე ეს ფაქტი საქანიამ დაადსტურა. თუმცა, იქვე განმარტა, რომ ინაშვილის ვიზიტი აფხაზეთში ჰუმანიტარული ხასიათის იყო და არანაირი ფარული მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან არ გამართულა.

ინაშვილის ვიზიტისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება მიუღებელია ე.წ. დეპუტატის ნატალი სმირისთვის.

„ეს ვიზიტი ჰუმანიტარული ქმედებებისგან ძალიან შორსაა. ვფიქრობ, რომ ლაშა საქანია შემსრულებელია და ყველა შეკითხვა უნდა მიიმართოს პრეზიდენტისკენ. ნათელია, რომ ეს არის პრორუსული პარტია, რომელიც არჩევნების წინ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობს. თუმცა ამას მაინც არ აქვს გამართლება. მათი ქმედებები არ არის ჩვენს ინტერესებში. ჩვენ არ გვესმის, რას აკეთებს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა. რაც მოხდა ეს სისულელეა. ორი ქართველი პოლიტიკოსი მოვიყვანეთ, მივესალმეთ მათ, როგორც მაღალი რანგის სტუმრებს. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტს უნდა დავუსვათ ყველა კითხვა. ასეთებს საზღვრის გადაკვეთა არ შეუძლიათ. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იცოდნენ რაც ხდებოდა. საქანია პრეზიდენტის თანაშემწეა და ასეთი რამ არ კეთდება პრეზიდენტის გარეშე“, – აცხადებს სმირი.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ირმა ინაშვილმა მდინარე ენგურზე არსებული გამშვები პუნქტი 18 აგვისტოს ორჯერ, 13 და 18 საათზე გადაკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები