ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ გაიმართება

7-18 სექტემბრის ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ (Noble Partner 2020) გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლება ოფიციალურად ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე 7 სექტემბერს გაიხსნება. საერთაშორისო წვრთნის ოფიციალურ გახსნამდე, 1 სექტემბერს ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე C-130 საფრენი აპარატებით აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის მიერ გაერთიანებული ძალებით მხარდაჭერის ოპერაცია – ძალების დესანტირება განხორციელდება.

„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. წლევანდელი სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“.

წელს მრავალეროვნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა.

მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

„ღირსეული პარტნიორი 2020-ის“ ფარგლებში დაგეგმილია 3 მედიადღე:

1 სექტემბერი – გაერთიანებული ძალებით მხარდაჭერის ოპერაცია – ძალების დესანტირება;

7 სექტემბერი – საერთაშორისო წვრთნების ოფიციალური გახსნა;

18 სექტემბერი – სწავლების დახურვა საჩვენებელი წვრთნით,”- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები