იაკობ ბრეგვაძე: “ემერჯენსი ქოლი”, რომლის ნომერი არ ფიქსირდებოდა, იყო 112, სხვას არავის დაურეკავს

“ემერჯენსი ქოლი”, რომლის ნომერიც არ ფიქსირდებოდა, იყო 112, სხვას არავის დაურეკავს, – ასე უპასუხა გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულმა ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” ინგა გრიგოლიას კითხვას, ხომ არ დაურეკავს მას იმ ღამეს რომელიმე მაღალჩინოსანთან, კერძოდ, ნინო გიორგობიანთან, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი და იაკობ ბრეგვაძის ნათესავია.

როგორც ბრეგვაძემ აღნიშნა, 112-ის გარდა, მის ტელეფონზე სხვა ზარი არ განხორციელებულა და დაფარული ნომერიც ნინო გიორგობიანს კი არა, ასევე, 112-ს ეკუთვნოდა.

“მე წამოვედი მარტო, ვერ ვიფიქრებდი, თუ მსგავსი რამ მოხდებოდა,” – განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

ცნობისთვის, 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში 22 ივნისს იპოვეს. ბიჭის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა.

შაქრაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 სრულწლოვანი პირის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. ბრალდებულებს: ვახტანგ ჩიქოვანს, ვასილ მახარაძეს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, გიგა ტატიაშვილს, თენგიზ ბარბაქაძეს, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძეს, საბა ჩხარტიშვილს, ირაკლი წაქაძესა და საბა გოგშელიძეს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

მათგანს სამს — ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკა რევაზიშვილსა და არჩილ გაგნიძეს, ასევე, 2 არასრულწლოვანს ბრალდებულს ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 11 აგვისტოს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიება მათ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. პროკურატურის ვერსიით, მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.

სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაცვის მხარის წაყენებული არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და 11-ვე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, ძალაში დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები