პროკურატურამ 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ძიძას ბრალი წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ლ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც 2 სხვა ძიძასთან ერთად 5 მცირეწლოვან ბავშვს უვლიდა. ლ.ლ სისტემატურად ძალადობდა 2 წლის მცირეწლოვან ბავშვზე.

“სამართალდამცველებმა ლ.ლ. 2020 წლის 22 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ლ.ლ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა. პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები