“რუსეთი კონფლიქტის მხარეა და არა გვერდითი დამკვირვებელი” – გიორგი კანაშვილი ქართულ-ოსური ურთიერთობებისა და “ცხინვალი 1920”-ის შესახებ

ხელოვნურად შექმნილი ავტონომიებით დაჯილდოებული კავკასია, ნეიტრალიტეტის პლატფორმაზე აღმოცენებული პრორუსული პარტიები და ისტორიის გაყალბების არაერთი მცდელობაეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ბერკეტებისა, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება კავკასიის რეგიონში საკუთარი გავლენის განსამტკიცებლად იყენებს. როგორია კრემლის ინტერესები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, რა ტიპის მიდგომები ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას და ამ ფონზე  რა მნიშვნელობა აქვს რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მიმართული პროექტების განხორციელებასჩვენს კითხვებს კონფლიქტოლოგი, გიორგი კანაშვილი პასუხობს

 _ ხშირად ამბობენ, რომ რუსეთი კავკასიის რეგიონში საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარმოებისას ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩადებულ ნაღმებს ეყრდნობა. რა , ნაღმები, სენსიტიური ადგილები აქვს რუსეთს კავკასიის რეგიონში და ზოგადად, რა არის კრემლის პოლიტიკის დასაყრდენი?

_ ეთნოსებს შორის წარმოშობილი პრობლემები ჯერ კიდევ ადრინდელი საბჭოთა კავშირის, მათი ნაციონალური პოლიტიკისა და უშუალოდ იოსებ სტალინის გავლენით იყო პროვოცირებული – საბჭოთა პერიოდში ხელოვნურად შექმნილი ავტონომიებით “დაჯილდოვდა” ზოგიერთი ეთნოსი. საქართველოში იგულისხმება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, რადგან აფხაზეთისა და აჭარის შემთხვევაში სხვა მოცემულობა არსებობდა და მათი ავტონომიურობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციითაც იყო განსაზღვრული.

თუმცა, აქ საუბარი მხოლოდ საქართველოზე არაა – მთლიანად კავკასიის რეგიონში შეიქმნა ავტონომიური რესპუბლიკები, რომლებიც გარკვეულ წინააღმდეგობას მოიცავდა.  ჩრდილოეთ კავკასიის შემთხვევაში იყო, მაგალითად, ავტონომია, სადაც რამდენიმე თანაბარი წონადობის ეთნოსი ცხოვრობდა და მათ შორის დაპირისპირებებიც არსებობდა. სწორედ ამ ხელოვნურად შექმნილი ავტონომიების წყალობით, ცენტრალურ ხელისუფლებას მანიპულაციებისათვის საკმაოდ მსუყე ნიადაგი ჰქონდა, რაც შემდგომშიც ნათლად გამოჩნდა.  ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში ამ ეთნოსებს ერთმანეთის მიმართ  გარკვეული წყენები დაუგროვდათ, რაც 70-იანი წლებიდან მოყოლებული და განსაკუთრებით კი 90-იანების შემდეგ, კონფლიქტიდან შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც, რასაკვირველია, რუსეთი საკუთარი ინტერესების განსამტკიცებლად იყენებდა.

_ გარდა ავტონომიებისა, რა შეიძლება იყოს სამხრეთ კავკასიაში რუსული პოლიტიკის დასაყრდენი

_ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი, თეორიულად, ყოველთვის შეიძლება იყოს არა მარტო ავტონომიებში მცხოვრები, არამედ, ზოგადად, ქვეყნებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები – ხშირად არსებობს გარკვეული შეუთავსებლობა ან თავად უმცირესობებს შორის, ან ცენტრალურ ხელისუფლებასთან. რასაკვირველია, რუსული პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამტარები არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ღიად საუბრობენ, რომ საქართველომ სხვა ტიპის საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს. თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში მათ ხასიათს დავაკვირდებით, ამ პარტიებისა და მოძრაობების დიდი ნაწილი ე.წ ნეიტრალიტეტის პლატფორმით გამოდის, რაც, ასევ ვთქვათ, უფრო მომხიბლავი შეიძლება იყოს საზოგადოებისათვის – გაქვს ნეიტრალიტეტის პლატფორმა და აქედან გამომდინარე, თავს არიდებ სამხედრო ვალდებულებებს ამა თუ იმ ბლოკის მიმართ, თითქოს არაფერს ხარჯავ და იღებ უსაფრთხოებასა და დაცულობას. რასაკვირველია, ასეთი განწყობების განმტკიცება იმ ტრავმების ხარჯზე ხდება, რაც ქართველებმა თუ პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებმა რუსეთთან უშუალო კონფრონტაციისას მიიღეს.

_ როგორია ქართულოსური კონფლიქტის ისტორია და რა გავლენა იქონია მასზე რუსეთმა

_ რაც შეეხება ქართულ-ოსურ ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, არ უნდა მოვახდინოთ იმის ნიველირება, რომ ამ კონფლიქტს შედარებით ღრმა ფესვები აქვს – სულ მცირე მეოცე საუკუნის დასაწყისში იყო გარკვეული შეტაკებები და ისიც რუსული გავლენით, ასევე, უშუალოდ 90-იანების დასაწყისში წარმოშობილი კონფლიქტი გასაგებია, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე არ იქნებოდა. თუ ბოლო პერიოდს გადავხედავთ, რუსეთის გავლენა ამ პროცესებზე აშკარაა – უბრალოდ ფაქტების კონსტატაცია რომ მოვახდინოთ, ცალსახაა, რომ არსებული სტატუს ქვო, რომელიც შენარჩუნდა კონფლიქტურ რეგიონებში, დეტერმინირებულია მთლიანად რუსების ჩართულობით. რაც შეეხება 2008 წლის მოვლენებს, აქაც ცალსახაა, რომ რუსეთის ჩართულობის გარეშე ცხინვალს არანაირი ბერკეტი არ ჰქონდა, გარკვეული წინააღმდეგობა გაეწია ქართული მხარისათვის. რუსეთი კონფლიქტის მხარეა და არა გვერდითი დამკვირვებელი, სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის გავლენა მუდმივად მტკიცდება.

_ როგორი იყო საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდშიბოლო 30 წლის განმავლობაში

_ რთულია, რაიმე ერთგვარი პოლიტიკის არსებობაზე საუბარი. ჩვენ გვახსოვს საკმაოდ რადიკალური განცხადებები გამსახურდიას პერიოდში, რომელიც შევარდნაძის დროს დიპლომატიური მიდგომით შეიცვალა და ჩართული იყო რამდენიმე ბერკეტი, მათ შორის, ეკონომიკური. შეიძლება ითქვას, 2003 წლამდე ცხინვალი რეგიონის ჩართულობა დანარჩენ საქართველოსთან საკმაოდ მაღალი იყო. შემდეგ გვახსოვს სააკაშვილის, ჩემი აზრით, დიდი შეცდომა, როდესაც აჭარის სცენარი მთლიანად გადმოიტანა ე.წ სამხრეთ ოსეთში და აღმოჩნდა, რომ იგივე მიდგომები აქ ვერ გაამართლებდა. მხოლოდ წინა ხელისუფლების დროსაც კი 3 ეტაპის გამოყოფა შეგვიძლია – კონფრონტაცია, შეთავაზებები და კვლავ კონფრონტაცია. რაც შეეხება ქართული ოცნების ხელისუფლებას, ამ ეტაპზე ცალსახად ე.წ სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს, თუმცა რაიმე ხელშესახებ შედეგებზე საუბარი რთულია. იყო მოლოდინები, რომ 2012 წლის შემდეგ შეიძლებოდა გარკვეული დიალოგი წარმართულიყო ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ ხელისუფლებთან და რუსეთი ამას ხელს არ შეუშლიდა, თუმცა სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ელიტის ინტერესებში ეს, რასაკვირველია, არ შედიოდა. შეიძლება ითქვას, რომ განსხვავებით აფხაზური პოლიტიკური ელიტისაგან, მათ რუსეთთან პირდაპირი ინტეგრაცია სურთ. როგორც აღმოჩნდა, პროცესისადმი ჩვენი და მათი მოლოდინები სხვადასხვა იყო.

_ ამ ფონზე, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ საფრთხე, რომ რუსეთის ხელისუფლება 1920 წელს მომხდარი აჯანყების ჩახშობის ფაქტს გენოციდად აღიარებს

_ თუკი რუსეთი ე.წ სამხრეთ ოსეთში გენოციდს აღიარებს, ეს გააცოცხლებს ზოგადად თემას, ჩრდილოეთ კავკასიაში ძალიან ბევრი გენოციდის ამოტივტივება შეიძლება, მართალია, ბოლო პერიოდში შეჩერდა ჩერქეზული გენოციდის პოლიტიკა, თუმცა, სავარაუდოდ, აპელირება არარსებულ გენოციდზე წინ წამოწევს რუსეთის მიერ ჩრდილოკავკასიაში განხორციელებულ რეალურ ფაქტებს, რაც მათ პოლიტიკურ ინტერესში არ უნდა შედიოდეს. თავად ოსებს სურთ საკუთარი იდენტობის ქვაკუთხედად გენოციდის თემა აქციონ, თუმცა, რუსეთს რამდენად სურს ეს, საკამათოა.

_ ჰიბრიდული ომი, როგორც ახალი ტიპის რუსული ინტერვენცია კავკასიის რეგიონში – რა ტიპის საინფორმაციო კონფრონტაციაზეა საუბარი ?

_ როგორია რუსული ჰიბრიდული ომი და მათი საინფორმაციო პოლიტიკა, ეს ყველასთვის ნათელია, მე  პრობლემას ჩვენს მოქმედებაში ან უმოქმედობაში უფრო ვხედავ –  ჩვენ არ ვქმნით კონტენტს, ისინი ქმნიან და ავრცელებენ პროპაგანდისტულ მასალას. ბორდერიზაციის მიზანიც ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენაა, დევალვაცია დასავლური ინსტიტუციების და ამასთანავე, უსუსურობის განცდის დანერგვა, თითქოს ჩვენ არაფერი შეგვიძლია. უტრირებულად რომ ვთქვათ, დაახლოებით ასეთი შინაარსი ვრცელდება- დასავლეთმა რაც უნდა, ითქვას, ჩვენ ჩვენსას მაინც ვაკეთებთ.

_ როგორც იცით, ისტორიკოსებისა და მკვლევრებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი აქტიურად მუშაობს 1920 წელს მომხდარი მოვლენის დოკუმენტურად წარმოჩენაზე. “ცხინვალი 1920″ კი იქნება ფილმი, რომელიც მხოლოდ ისტორიულ სინამდვილეს ასახავსრა მნიშვნელობა აქვს რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომისა და პროპაგანდის პირობებში მსგავსი პროექტის განხორციელებას?

_ ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი ნარატივი, იქნება ეს ფილმი, სერიალი, სტატია თუ სახელმძღვანელო.  ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოება ფლობდეს გარკვეული უპირატესობის შეგრძნებას, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა. რუსული ჰიბრიდული ომის მიზანიც ესაა, დაგარწმუნოს, რომ არ ხარ მართალი.  ამ ფონზე მნიშვნელოვანია ვაწარმოოთ ისეთი კონტენტი, რომელიც მაქსიმალურად ასახავს სიმართლეს. რასაკვირველია, ამას არ უნდა ჰქონდეს პროპაგანდისტული ხასიათი. როგორც ვიცი, “ცხინვალი 1920” იქნება სიმართლეზე დაფუძნებული, მაღალი ხარისხის ფილმი, რომელიც მხოლოდ რეალურ ფაქტებს ასახავს. მინდა ჯგუფს მადლობა გადავუხადო მნიშვნელოვანი წამოწყებისათვის და წარმატება ვუსურვო.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები