ჯანდაცვის სამინისტროს დოკუმენტი თენგიზ ცერცვაძეს ტყუილში ამხელს

“ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის თებერვალში ნება დართო ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკის 2017-18 წლების მოგება, რაც მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა, დარჩენილიყო ცენტრის სარგებლობაში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, რომელსაც ხელს მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური აწერს, კლინიკამ სამინისტროს თანხის სარგებლობაში დატოვებისა და სადიაგნოსტიკო-სამკურნალო ტექნიკური შესაძლებლობებისთვის გამოყენების თხოვნით, 2019 წლის 14 ნოემბერს მიმართა.
„თქვენი 2019 წლის 14 ნოემბრის №15/66189 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია, რათა სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის” 2017 და 2018 წლების მოგება – ჯამში 1 505 18700 ლარი დარჩეს ცენტრის სარგებლობაში და გამოყენებულ იქნეს სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებისთვის”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ცნობისთვის, ინფექციურმა საავადმყოფომ 20 აგვისტოდან შეგვეწყვიტა Covid-19-ით დაავადებული პაციენტებისა და აივ შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება. როგორც კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, გადაწყვეტილების მიზეზი ელემენტარული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონა გახდა.
​მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ არაერთგზის აცნობეს სამინისტროს.
„ინფექციური პათოლოგიის ცენტრს მუშაობა უწევდა ექსტრემალურად მძიმე, კრიტიკულ პირობებში. შვიდი წლის ლოდინის შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით, გადმოგვეცემა ახალი შენობა, მაგრამ სარემონტო სამუშაოებს დასჭირდება სულ მცირე ერთი წელი. ამ ერთი წლის განმავლობაში, ბუნებრივია, აუცილებელია, ჩვენს ცენტრს მისი დღევანდელი განთავსების ადგილზე, ჰქონდეს მინიმალური, სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობები, პაციენტების მომსახურებისთვის”, – განმარტა ცერცვაძემ.
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კი მთავრობამ 40 მილიონი ლარი გამოყო ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის, მსოფლიო ბანკის ფარგლებში კი, გარკვეული ჯგუფი მუშაობს, რომ დაიწყოს რემონტი ახალ შენობაში.
​მინისტრის თქმით, თენგიზ ცერცვაძეს კოვიდითა და აივ/ შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღების შეჩერების შესახებ სოციალური სააგენტოსთვის არ მიუმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები