შაქარაშვილის საქმის პროკურორი: სიცრუის დეტექტორი საქართველოში სამართლებრივად არ არსებობს და ის არ გამოყენებულა, როგორც საპროცესო მოქმედება
“სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს, ის არ გამოყენებულა, როგორც საპროცესო მოქმედება და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ასეთს არ იცნობს”, -ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.
„სიცრუის დეტექტორი საქართველოში სამართლებრივად არ არსებობს, აღნიშნული დეტექტორი არ გამოყენებულა, ასეთ საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებას არ იცნობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს აქვს ამის გამოცდილება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება, შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შეუძლიათ, თავად ჩაატარონ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მოესურვებათ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი როგორც ბრალდების მხარეს, ასევე დაცვის მხარეს ანიჭებს უფლებას, დამოუკიდებლად ჩაატაროს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, ასევე შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, იმ შემთვევაში, თუ თავად ვერ ატარებს ღონისძიებას. აქედან გამომდინარე, თუ შეესაბამება რეალობას, შეუძლიათ, თავადაც ჩაატარონ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ასეთი რამ სამართლებრივ რეალობაში არ არსებობს “, – განმარტა დავით ყაზარაშვილმა.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სამი არასრულწლოვანი შიმშილობს. მათი მოთხოვნაა, რომ სიმართლის დასადგენად სიცრუის დეტექტორზე დაკითხონ.