სლოვაკეთმა რუსეთს წითელი ხაზი გაუვლო,ჯაშუშობაში მხილებული რუსი დიპლომატები სლოვაკებმა ქვეყნიდან გააძევეს

სლოვაკეთმა, 6 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, რუს დიპლომატებს, თავის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო, ქვეყანა დაატოვებინა. გამოცემა „Aktuality“-ის ინფორმაციით, დიპლომატიური პასპორტების მქონე პირები, სინამდვილეში რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლები იყვნენ და ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ.

„არსებობს დრო, როცა წითელი ხაზი მეგობარსაც უნდა გაუვლო. რუსეთი ჩვენი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ სლოვაკეთი სუვერენული სახელმწიფოა და არა ბანანას რესპუბლიკა“ – ასე გამოეხმაურა „ფეისბუქზე“ სლოვაკეთის პრემიერი იგორ მატოვიჩი რუსი დიპლომატების საკუთარი ქვეყნიდან გაძევებას.
ბრიტანული BBC-ი, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ სამი რუსი დიპლომატის საქმიანობა „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას“ ეწინააღმდეგებოდა. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა სანკტ-პეტერბურგში სლოვაკეთის გენერალური საკონსულოს მიერ გაცემული ვიზების ბოროტად გამოყენებას, რამაც ხელი შეუწყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სერიოზული დანაშაულის ჩადენას.

საუბარია 2019 წლის 23 აგვისტოს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე. საგამოძიებო გამოცემა Bellingcat-ის ინფორმაციით, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე ვადიმ კ. ევროკავშირის ტერიტორიაზე სლოვაკეთის ვიზით გადაადგილდებოდა, რომლის აღების დროს მან ყალბი პირადი მონაცემები გამოიყენა.

„ხანგოშვილის საქმის“ მეორე ფიგურანტია რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე რომან დავიდოვი (სახელი სავარაუდოდ გამოგონილია), რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (ეფ-ეს-ბე) არის კავშირში. Bellingcat-ის, Der Spiegel-ის და The Insider-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე დავიდოვიც სლოვაკეთის ვიზით მოგზაურობდა. იგი ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა. გამოძიებაში ჩართული ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ დავიდოვმა ხანგოშვილის მკვლელს იარაღი, ტრანსპორტი და სხვა საჭირო აღჭურვილობა გადასცა.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ივან კორჩოკის განცხადებით, სანქტ-პეტერბურგში გაგზავნილი საგამოძიებო ჯგუფი დაადგენს ვიზასთან დაკავშირებულ დარღვევას, იყო ეს სლოვაკი დიპლომატების შეცდომა, თუ რუსულ მხარესთან თანამშრომლობის შედეგი, რადგან მისივე თქმით, მომხდარი, არა მხოლოდ სლოვაკეთისთვის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი სლოვაკეთის ენერგო რესურსების მთავარი მიმწოდებელია, რის გამოც წარსულში „დიდი სლავი ძმის“ განაწყენებას მოერიდა. ეს მაშინ, როცა მსოფლიო თანამეგობრობამ ბრიტანეთის მხარდასაჭერად საკუთარი ქვეყნებიდან დაახლოებით 130-მდე რუსი დიპლომატი გააძევა. ევროკავშირში, ასევე ნატო-ში შემავალმა და მათმა პარტნიორმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ძალისხმევა მას შემდეგ გააერთიანეს, რაც 2018 წელს ინგლისის ქ.სოლსბერიში რუსეთის სპეცსამსახურებმა გრუ-ს ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, ნერვული აგენტი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.

ბოლო პერიოდში, სლოვაკეთის მსგავსად, დიპლომატების საფარით მოქმედი რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლები არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ გააგდო. ეს კიდევ ერთხელ ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი თავისი დესტრუქციული და მტრული ქმედებებით ყველასთვის უკიდურესად სახიფათო მოთამაშეა. საკუთარი ინტერესების სანაცვლოდ, იგი არც „მეგობარ“ სახელმწიფოებს ინდობს და მათ უსაფრთხოებას მუდმივად ძირს უთხრის.

დავით მგელაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები