ვახტანგ ჭარაია: საქართველოს რეიტინგის უცვლელად დატოვება მაშინ, როცა ბევრი სხვა ქვეყნის, შედეგები გაუარესდა, საამაყო და მისასალმებელია

“საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის დასკვნას ქვეყნის შესახებ ხელოვნურად ვერ შეცვლი, თუ არ არის მიღწეული ის შედეგები, რომლებიც საჭიროა სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გასაუმჯობესებლად”, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ეკონომიკის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ეკონომიკური კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაში.

მისი თქმით, სუვერენული რეიტინგი ქვეყნის ერთ-ერთი ფუნდამენტური მაჩვენებელია.

“სუვერენული რეიტინგი ქვეყნის ერთ-ერთი ფუნდამენტური მაჩვენებელია. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის დასკვნას ქვეყნის შესახებ ხელოვნურად ვერ შეცვლი, თუ არ არის მიღწეული ის შედეგები, რომლებიც საჭიროა სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გასაუმჯობესებლად. ამდენად, საქართველოს რეიტინგის უცვლელად დატოვება მაშინ, როდესაც აშშ – ის, იაპონიის, საფრანგეთის და ბევრი სხვა განვითარებული ქვეყნის, ასევე ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების შედეგები გაუარესდა, ძალიან საამაყო და მისასალმებელია. ეს ფაქტი იმას ასახავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, პოლიტიკური, მაკროეკონომიკური და სხვა, მოწოდების სიმაღლეზეა და პანდემიამ მათი უკან დახევა ვერ შეძლო”, – განაცხადა ჭარაიამ.

შეხვედრის მთავარი საკითხი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის „Fitch“ – ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება და ამისათვის სააგენტოს მიერ დასახელებული გარემოებები იყო.

შეხვედრაში მონაწილე ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს სააგენტოს მიერ პოზიტიურად შეფასებულ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკა საგარეო შოკებისადმი უფრო მეტად მდგრადი გახადა.

ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს თანამშრომლობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელთანაც არსებული პროგრამის გახანგრძლივება 2021 წლის აპრილამდე ხაზს უსვამს ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას და ხელისუფლების მზაობას გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმები, საარჩევნო წლის მიუხედავად.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები