ევროკავშირის ინიციატივის მხარდაჭერით, ბოლნისი ეფექტიანი ბიზნესისთვის ახალ პლატფორმას ქმნის

საქართველოს ქვემო ქართლის რეგიონის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების პირობები გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ მათ თავიანთი ბიზნესის უფრო ეფექტიანად ოპერირებისთვის პრაქტიკული საშუალებები და ახალი ცოდნა გადასცა.

ეს პროექტი ევროკავშირმა ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში დააფინანსა.

ბოლნისი საქართველოს მრავალეროვნული, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 53,500 ადამიანს შეადგენს. მათი 63% სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული. თუმცა, სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული შესაძლებლობების მიუხედავად, ადგილობრივი მწარმოებლები იშვიათად ახერხებდნენ წარმოების ოპტიმიზაციასა და მაქსიმალური მოგების მიღებას.

საკონსულტაციო შეხვედრა ადგილობრივ ფერმერთან

აღნიშნულის მიზეზები ნაწილობრივ დაკავშირებულია სასოფლო რეგიონებისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ საკითხთან – მცირე ფერმერებს არ აქვთ უნარები ან აღჭურვილობა მაღალი ხარისხის სტანდარტების პროდუქციის საწარმოებლად. ადგილობრივი წარმოებისთვის ძლიერი რეგიონული რეპუტაციის დასამკვიდრებლად მოსავლის რაოდენობა ზოგადად მცირე და ზედმეტად ფრაგმენტულია. აგრეთვე, აღსანიშნავია ამ ტერიტორიის თავისებურება – რეგიონში ბევრი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა ქართულად ვერ საუბრობს და რომლებსაც მოთხოვნაზე ცვლილებების გათვალისწინების ნაცვლად, კვლავაც ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება ურჩევიათ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი პოტენციურად მიმზიდველია ტურისტებისთვის მისი მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის, უნიკალური ადგილობრივი ღვინოების და საკვების, აგრეთვე, სტრატეგიული მდებარეობის (საქართველოს დედაქალაქიდან მანქანით 1 საათის გზაზე) გამო. თუმცა, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ამ რეგიონის ტურისტული პოტენციალი ჯერ კიდევ თითქმის აუთვისებელი იყო.

ცვლილებები დაიწყო 2017 წლის ივნისში, როდესაც ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ხელმომწერი გახდა და საკუთარი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმაზე (LEDP) მუშაობა წამოიწყო. მოგვიანებით, ამავე წელს, მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა მიიღო “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროექტების კონკურსში და 164 აპლიკანტს შორის გახდა 16 გამარჯვებულიდან ერთ-ერთი. ევროკავშირმა პროექტისთვის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ 320,000 ევრო გამოყო. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წყალობით, აღნიშნული პროექტის მთლიანმა ბიუჯეტმა 380,000 ევრო შეადგინა.

ამასთან, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა შექმნა ორწლიანი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც მთავარ ეკონომიკურ პრიორიტეტებსა და მიზნებს განსაზღვრავს და მათი მიღწევის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას მოიცავს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმამ მსოფლიო ბანკის დამოუკიდებელი ექსპერტების საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

პრობლემების იდენტიფიცირება

2018 წლის დასაწყისში, როდესაც პროექტი დაიწყო, პროექტის გუნდმა უპირველესად შეისწავლა ადგილობრივი ბაზარი, მისი პოტენციალი და ადგილობრივი მწარმოებლებისა და მეწარმეების საჭიროებები. კვლევამ „ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროდუქციის წარმოების შესაძლებლობების და ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტებზე მოთხოვნის შესწავლა, მიწოდების წყაროები და პერიფერიული მომხმარებლების ბიზნეს ინტერესების შეფასება“ ხელი შეუწყო ეკონომიკური განვითარების მაღალი პოტენციალის სამი სფეროს იდენტიფიცირებას: სოფლის მეურნეობა, მეღვინეობა და ტურიზმი. აღნიშნულ კვლევაში ასევე დეტალურად იყო შესწავლილი მათი შედარებითი ნაკლოვანებები.

2019 წლის იანვარში წარდგენილმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი ფერმერები, როგორც წესი, ყიდიდნენ საკუთარ მზა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, რომელთა შემდგომი დამუშავება ხდებოდა მეზობელ რეგიონებში.

ამის გამო, ისინი ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის საწყის ეტაპზე იდგნენ და დაბალ შემოსავალს იღებდნენ. ეს ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ არ ფლობდნენ ან არ ჰქონდათ წვდომა წარმოებისა და შენახვისთვის საჭირო აღჭურვილობაზე. ამას გარდა, ადგილობრივ მწარმოებლებს ნაკლებად ჰქონდათ პროდუქციის შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის, საკუთარი პროდუქტების მაღალი ხარისხის შენახვისთვის, შეფუთვისთვის, დისტრიბუციისა და მარკეტინგისთვის საჭირო ტექნიკური შესაძლებლობა. მსგავსი გამოწვევების წინაშე იდგნენ ბოლნისელი მეღვინეებიც.

რაც შეეხება ტურიზმს, კვლევამ აჩვენა, რომ ის ადგილობრივი ბიზნესები, რომლებიც ტურისტებს სთავაზობდნენ სერვისებს (კაფე-ბარები, რესტორნები, საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები), რამდენიმე ფაქტორის გამო სრულად ვერ იყენებდნენ საკუთარ პოტენციალს. პირველი, ყველაზე მსხვილ ადგილობრივ ტურისტულ სანახაობას – კატარინენფელდის ისტორიულ სამეზობლოს – არ ჰქონდა
საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურა და მისი მარკეტინგისა და პოპულარიზაციის ინსტრუმენტები. მეორე, ტურისტული სერვისების არსებული ობიექტები ვერ აკმაყოფილებდნენ იმდროინდელ მოთხოვნასაც კი, ვინაიდან არ იცოდნენ, როგორ ემართათ ტურისტებზე ორიენტირებული ბიზნესები.

კვლევაზე დაფუძნებული გამოსავალი

აგროცენტრი – ადგილობრივი ფერმერებისა და მეღვინეების წარმოების გაზრდაში დახმარება

აგროცენტრი

კვლევაში იდენტიფიცირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, პროექტის მენეჯერებმა 2020 წლის იანვარში დააფუძნეს აგროცენტრი. იგი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ იმართება და ფერმერებსა და მეღვინეებს ხელმისაწვდომ ფასებში სთავაზობს სხვადასხვა ტექნოლოგიას, უფასო კონსულტაციებსა და სამართლებრივ რჩევას, აგრეთვე, წარმოებული პროდუქტებისთვის გასაყიდ სივრცეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა აგროცენტრის შენობები საკუთარი ხარჯებით ააშენა. იგი სომხეთისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ადვილად მისაწვდომ სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს. აგროცენტრის მდებარეობა გასაჩერებლად, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების დაგემოვნებისა და ყიდვის მიზნით მოგზაურებისთვისაც მოსახერხებელია.

აგროცენტრი ადგილობრივ ფერმერებსა და მწარმოებლებს ხელმისაწვდომ ფასებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სთავაზობს სამაცივრე, ეტიკეტირების, შეფუთვის, ბოთლში ჩამოსხმისა და გაფილტვრის სერვისებს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისა და ღვინისთვის. „აგრეთვე, ფერმერები აგროცენტრში იღებენ საკონსულტაციო და საექსპერტო სერვისებს ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, „რაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მრავალეთნიკური მოსახლეობისთვის“.

„ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ბოლნისის ეკონომიკური პოტენციალის შესწავლა. აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სფერო იყო მეღვინეობა“, – განაცხადა ბოლნისის საგრანტო პროექტის მენეჯერმა ნატალია კაკაბაძემ. მან განმარტა, რომ მეღვინეების დასახმარებლად აგროცენტრმა შეიძინა ისეთი აღჭურვილობა, რაც მიუწვდომელი იყო ღვინის ბევრი მწარმოებლისთვის.

აგროცენტრმა შეისყიდა მანქანა-დანადგარები, რომლებიც მეღვინეებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლონ საბოლოო პროდუქტის დასამზადებლად საჭირო ყველა სერვისით, მათ შორის, ბოთლში ჩამოსხმა, საცობის გაკეთება და ეტიკეტირება. ვინაიდან ქართველები ღვინოს ძირითადად ქვევრში (ფერმენტაციისა და დაძველების მიზნით მიწის ქვეშ ჩადებული თიხის ჭურჭელში) ინახავენ, აგროცენტრმა ასევე შეიძინა მობილური ხელსაწყო, რომელიც მცირე მეღვინეობებში გადასაადგილებლად არის შექმნილი. აღნიშნულის გამოყენებით ფერმერებს შეუძლიათ ადგილზევე საკუთარი ქვევრიდან ღვინის ამოღება, გაფილტვრა, ბოთლში ჩამოსხმა და ეტიკეტირება.

„ბოლნისის ღვინო ძალიან მაღალი ხარისხის ღვინოდ ითვლება, მისი ბევრი ჯიში მხოლოდ ამ ტერიტორიისთვის არის დამახასიათებელი. არის ბევრი ნაკლებად გამოცდილი, დამწყები მეღვინე, რომლებსაც ბოთლში ჩამოსხმის ტექნოლოგია სჭირდებოდა. აგროცენტრს უკვე აქვს ბოთლში ჩამოსხმის მობილური აღჭურვილობა, რომლის ტრანსპორტირებაც შესაძლებელია ადგილობრივ მეღვინეობებში. თავად მეღვინეებსაც შეუძლიათ ბოთლში ჩამოსასხმელად თავისი ღვინის ჩვენთან მოტანა. მყიდველები მეღვინეებისგან ითხოვენ პროდუქტის ბოთლში ჩამოსხმას. სხვაგვარად ისინი ვერ შეძლებენ ამ პროდუქტების ბაზრობებზე გამოტანას. ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისების წყალობით, მეღვინეების პროდუქტების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა“, – განაცხადა ნატალია კაკაბაძემ.

ძმების მარანის მფლობელი გურამ არხოფაშვილი ამ პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარია. მისმა საწარმომ უკვე ისარგებლა ბოთლში ჩამოსხმის, გაფილტვრის და ღვინის წარმოებისთვის საჭირო სხვა სერვისებით.
„აგროცენტრის დაფუძნებით ჩვენ ძალიან ვისარგებლეთ. ახლა აღარ გვჭირდება ბოთლში ჩამოსხმის თუ ღვინის საწარმოებლად საჭირო სხვა აღჭურვილობის ყიდვა. ეს სერვისი ძალიან იაფია, მე ვიტყოდი, მსოფლიოში ყველაზე იაფიც კი. აგროცენტრი გვთავაზობს სხვა ბევრ სერვისსაც, მათ შორის, ღვინის ჭურჭლის გარეცხვას და დეზინფექციას“, განმარტა არხოფაშვილმა.

მან ასევე დაამატა, რომ ამჟამად 25 მეღვინეობა იყენებს ამ სერვისებს, თუმცა, ბოლნისს აქვს იმის პოტენციალი, რომ იქ 800-მდე მეღვინემ იმუშაოს.
მეღვინეებისთვის ტექნოლოგიების გარდა, აგროცენტრი სხვა ბიზნესებს ასევე სთავაზობს სხვადასხვა სახის შეფუთვისა და ეტიკეტირების აღჭურვილობას. კერძოდ, აქ შესაძლებელია ვაკუუმით და ნახევრად ავტომატური შეფუთვის აღჭურვილობის გამოყენება ბოსტნეულისთვის, ხორცისა და ყველისთვის.

ყველის მწარმოებელი საწარმოს „დისველის“ დამფუძნებელი მერი მახარაძე აგროცენტრის კიდევ ერთი ბენეფიციარია. მან ასევე ისარგებლა აგროცენტრის მიერ შეთავაზებული საკონსულტაციო სერვისებით, რაც მისი განცხადებით, ძალიან სასარგებლო იყო მისი ბიზნესისთვის.

ბოსტნეულის, ყველისა და ხორცის შესაფუთი დანადგარები

„მე ჩემი საკუთარი შეფუთვის აღჭურვილობა მაქვს, თუმცა, იგი დიდი რაოდენობით ყველის შესაფუთად საკმარისი არ არის. ჩემს საწარმოს შეუძლია სამ ტონამდე რძის გადამუშავება, მაგრამ კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ამჯამად არ ვმუშაობთ სრული დატვირთვით. ნამდვილად ძალიან მომწონს აგროცენტრის მაღალი ხარისხის შეფუთვის აღჭურვილობა. რა თქმა უნდა, გვინდა ჩვენი წარმოების გაფართოება, თუმცა, შეზღუდვების გამო ამჟამად ეს არ შეგვიძლია“, – თქვა მახარაძემ.

მან აგროცენტრისგან სამართლებრივი რჩევები მიიღო და სურს, მეტი იცოდეს იმაზე, თუ როგორ იმუშაოს დოკუმენტებთან და როგორ აწარმოოს საფუძვლიანი ბუღალტრული ხარჯთაღრიცხვა.
„იმის მიუხედავად, რომ აგროცენტრი 2020 წლის იანვარში დაფუძნდა, ხოლო შემდგომი პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს დაემთხვა, საწარმომ 861 მეწარმეს უკვე გაუწია სერვისი. ამ ეტაპისთვის გაიფილტრა, ბოთლში ჩამოისხა და ეტიკეტი გაუკეთდა 1,500 ლიტრ ღვინოს, მეღვინეებთან, ყველის და ხორცის მწარმოებლებთან კი ოთხი შეხვედრა გავმართეთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერი აბრამიშვილმა.

ბოლნისის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება

მუნიციპალიტეტი ბევრ მიმზიდველ ადგილს სთავაზობს სტუმრებს, იქნება ეს მეხუთე საუკუნეში დაფუძნებული, საქართველოში მოქმედი ყველაზე ძველი ეკლესია ბოლნისის სიონი, თუ ბოლნისის გერმანული მემკვიდრეობა. მეცხრამეტე საუკუნეში 95-მა გერმანელმა ოჯახმა შვაბიიდან ბოლნისში დააფუძნა კოლონია, სახელად კატარინენფელდი. ბოლნისის ისტორიული სამეზობლო დღესაც ამ სახელს ატარებს.

პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში, ამ სამეზობლოს პოპულარიზაციისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ინვესტიცია განახორციელა კატარინენფელდის ერთ-ერთი ქუჩის (სტეფანიას ქუჩა) ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. ფეხით მოსიარულეებზე ქუჩის ადაპტირებისთვის დაიგო ახალი გზა და საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა ქუჩის გარე განათება. დაყენდა ტურისტული ნიშნები, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას აღნიშნული სამეზობლოს ისტორიული წარსულის შესახებ.

თ.სტეფანიას ქუჩა

„ჩვენ ასევე შევქმენით კატარინენფელდის მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც დაგვეხმარება მუნიციპალიტეტში ტურისტების მოზიდვაში“, – განაცხადა მერი აბრამიშვილმა. მან დაამატა, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, კატარინენფელდის მოდერნიზაციასა და აგროცენტრის მშენებლობაზე, მუშაობდა 150 მუშაზე მეტი.

კატარინენფელდის რეაბილიტაციის შედეგად, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გამოთქვეს საკუთარი სახლების საოჯახო სასტუმროებად გადაკეთების, მაღაზიებისა და რესტორნების გახსნის სურვილი. ჩვენი პროექტი კი მზად არის, მათ გაუწიოს უფასო კონსულტაციები და სამართლებრივი რჩევა მათი ბიზნესების მართვის შესახებ.

„ამ პროექტის ერთერთი მთავარი მიღწევა არის ის, თუ როგორ გაიზარდა ადგილობრივი მაცხოვრებლების და ბიზნესების ნდობა მუნიციპალიტეტის მიმართ. მათ დაინახეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესებულია ადგილობრივი მეწარმეების საჭიროებებით და რომ მხარს უჭერს მათ საქმიანობას“, – თქვა აბრამიშვილმა.

პროექტის გუნდს და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ პირებს სჯერათ, რომ მას შემდეგ, რაც ტურისტული ინფრასტრუქტურა და ადგილობრივად წარმოებული ღვინოები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ბოლნისი მზად არის მიიღოს ბევრად მეტი ტურისტი. ნათელია, რომ მუნიციპალიტეტს შეუძლია ვიზიტორებისთვის ბევრი რამის შეთავაზება, და ეს არ არის მხოლოდ ღვინოები ან ისტორიული ძეგლები. მისი მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, ავთენტურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსა და ადგილობრივ უნიკალურ ღვინოებთან ერთობლიობაში, ტურისტების მიერ ჯერ კიდევ თავიდან არის აღმოსაჩენი.

ბოლნისი კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების პერიოდში და მას შემდეგ

აღსანიშნავია, რომ პროექტის აქტივობების განხორციელება მნიშვნელოვნად შეფერხდა კორონავირუსის კრიზისის გამო. თითქმის ორი თვის მანძილზე, ვირუსის მძლავრი ადგილობრივი გავრცელების გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტი სრულად იყო ჩაკეტილი და ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან იზოლირებული.

ამჟამად, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ეტაპობრივ გაუმჯობესებასთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკა კვლავ ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება, აგროცენტრმა კი თავისი კლიენტებისთვის ისევ გახსნა კარი.
ადგილობრივ მწარმოებლებზე კორონავირუსის გავლენის შესამცირებლად, 2020 წლის ივლისში აგროცენტრმა დაიწყო ახალი კამპანია, რომლის ფარგლებშიც იგი ადგილობრივ მეღვინეებს უფასოდ სთავაზობს თითოეული ჯიშის ღვინის 10 ბოთლის გაფილტვრას, ბოთლში ჩამოსხმას და ეტიკეტირებას.

პროექტის გუნდი უბრუნდება პროექტის განხორციელების გეგმას და აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საზღვრების გახსნისას ბოლნისი მზად იყოს ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტების მისაღებად. ეს ასევე იქნება საუკეთესო მაგალითი და შესაბამისი ექსპერტიზის წყარო მსგავსი ეკონომიკური პრიორიტეტების მქონე საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებისთვის.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობა. ევროკავშირისა და ინიციატივის ‘მერები ეკონომიკური ზრდისთვის’ წყალობით, ჩვენ ერთადერთი მუნიციპალიტეტი ვართ საქართველოში, რომელიც აგროცენტრის დახმარებით მხარს უჭერს ადგილობრივ ფერმერებს და მცირე და საშუალო მეწარმეებს მათ საქმიანობასა და წარმოებაში“, – განაცხადა მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 

 

 

შეხვედრების ოთახი აგროცენტრში

 


ღვინის ჩამოსხმის პროცესი აგროცენტრში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები