“აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი უახლესი ისტორიის ერთერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდია, რომლითაც საქართველომ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 28 წლისთავთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
“14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. დღეს პატივი მივაგეთ ჩვენი გმირი მებრძოლების ხსოვნას და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ აფხაზეთის ომში დაღუპული ათასობით თანამემამულე, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღეს ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში. 28 წლის წინ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი უახლესი ისტორიის ერთერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდია, რომლითაც საქართველომ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი ოკუპაცია ქართველების, აფხაზებისა და ოსების საერთო ტრაგედიაა, მაგრამ ეს პროცესი არის დროებითი და ის აუცილებლად დასრულდება მშვიდობიანი დეოკუპაციით. ჩვენ კარგად ვიცით მშვიდობის ფასი და გვჯერა, რომ მშვიდობიანი გზით საქართველოს გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს. პრაგმატული და გონივრული პოლიტიკით ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გამთლიანდება, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს აფხაზ და ოს ძმებთან არსებულ საუკუნოვან ურთიერთობებს”, – აღნიშნა მინისტრმა.