ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა გმირთა მოედანზე მემორიალი გვირგვინებით შეამკო და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა – ვლადიმერ იმნაძემ, თავდაცვის მინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა – თეა ახვლედიანმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ – რუსლან აბაშიძემ გმირთა მოედანზე მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
“ეს იყო ძმათა მკვლელი ომი, სადაც მესამე ქვეყანა იყო ჩარეული. მესამე ქვეყანა რომ არ ჩარეულიყო, ეს ომი არ მოხდებოდა და აფხაზეთი დღესაც ჩვენი იქნებოდა. ახლა მთავარია მოლაპარაკების დაწყება თვითონ აფხაზებთან”, – განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.
შეიარაღებული დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი შეტაკებები კი ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. შედეგად, ორივე მხარეს ათასობით მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასამდე ქართველი კი დევნილად იქცა.