მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის – „M ვექტორის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის „M ვექტორის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დავაჯილდოვეთ ძალიან საინტერესო კონკურსის „M ვექტორის“ გამარჯვებულები, პრიზიორები, XI და XII კლასის მოსწავლეები. ძალიან სახალისო ღონისძიება შედგა. დარწმუნებული ვარ, ამ მოსწავლეების დიდი ნაწილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. როგორც მოგეხსენებათ, ეს უნივერსიტეტი მსოფლიო დონის პროექტია, რომლის იდეის ავტორი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის ქველმოქმედების საფუძველზე შეიქმნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ყველა სტუდენტს აქ ძალიან საინტერესო გამოცდილება ელოდება. მინდა ყველა გამარჯვებულს კიდევ ერთხელ მივულოცო და წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერილი კონკურსის შედეგად 18 საუკეთესო მოსწავლე გამოვლინდა, რომლებსაც სპეციალური პრიზები გადაეცათ: I ადგილზე გასულ მოსწავლეებს – 3000-ლარიანი, II ადგილზე – 2000-ლარიანი, ხოლო III ადგილზე გასულებს – 1000-ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი ერგოთ.

„M ვექტორის“ ძირითად ეტაპზე 500-მდე მონაწილე დარეგისტრირდა საქართველოს 55 ქალაქიდან და სოფლიდან. 76 მონაწილე გადავიდა ფინალურ ეტაპზე. პროექტის ძირითადი და დასკვნითი ეტაპები დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსი – „M ვექტორი“ განვითარების ხელშემწყობი თვისებრივად ახალი, თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს მორგებული ფორმატის კონკურსია, რომელიც ორიენტირებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე. „M ვექტორი“ მონაწილეებს არა მხოლოდ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების გამოვლენას და ცოდნის გაღრმავებას, არამედ ამ ცოდნით კონკრეტული მათემატიკური პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზების მიგნებას სთავაზობს. „M ვექტორი“ იმ მეთორმეტეკლასელებსა და აბიტურიენტებზეა გათვლილი, რომლებსაც აინტერესებთ და უყვართ მათემატიკა, თუმცა პროექტი მკაცრს შეზღუდვას არ აწესებს – მასში მონაწილეობის მიღება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ.

კონკურსი საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის (EPRA) ორგანიზებით ჩატარდა. მისი ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. პროექტის პარტნიორია სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები