The Telegraph: ქუთაისის უნივერსიტეტის პროექტი ხაზს უსვამს კერძო დაფინანსებისა და ქველმოქმედების სარგებელს

„ჩვენს უნივერსიტეტებს გადარჩენასა და COVID-ის შემდეგ განვითარებაში ფილანტროპია დაეხმარება“ – გამოცემა Telegraph-ში ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ბრაიან სტურგესი ქუთაისის უნივერსიტეტის შესახებ წერს.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ფონდი „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის ხედვა, რომ დააფინანსონ ასეთი ამბიციური საგანმანათლებლო პროექტი, მიუთითებს ქვეყნის განვითარებისკენ სწრაფვაზე და ის ასევე გზამკვლევია დიდი ბრიტანეთისთვის.
„ბრიტანეთის განათლების სექტორში პოსტ-ბრექსიტის სამყაროს შიშისა და შესაძლებლობების ნაზავით აღიქვამენ. შიში ხშირად მიმართულია ევროკავშირის 2021 წლის დაფინანსების შედეგებზე: პროგრამები, როგორიცაა Erasmus Exchange, შეიძლება, უფრო რთულად მისაწვდომი იყოს ბრიტანეთის ინსტიტუტებისთვის 2020 წლის დეკემბრის შემდეგ.
განათლების სექტორი უკვე დიდი და წარმატებული საექსპორტო შემოსავლის მიმღები და საკმაოდ დახვეწილი მომსახურების ეკონომიკის მნიშვნელოვანი სეგმენტია. ევროპა მნიშვნელოვან ბაზრად დარჩება, მაგრამ სექტორის წარმატება მეტწილად განაპირობა ზრდა-გაფართოებამ აზიაში, შუა აღმოსავლეთსა და მსოფლიოს სხვა სწრაფად მზარდ რეგიონებში.
თუმცა, ეს წარმატება მნიშვნელოვანი დაბრკოლების წინაშე დგას: უპრეცედენტო პანდემია, თანმდევი გლობალური რეცესია და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური მიდგომის ტრანსფორმირება ჩინეთის მიმართ, რომლის მოქალაქეების მხრიდან განათლების სფეროში მიღებული შემოსავალი წელიწადში 4 მილიარდ გირვანქა სტერლიგნს უტოლდება. გარდაუვალია უცხოელი სტუდენტების რიცხვის მნიშვნელოვანი კლება: როგორ შეინარჩუნებენ (ან ჩაანაცვლებენ) გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტები დაკარგულ შემოსავალს?
პასუხი კი არის პროაქტიულობა. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 2019 წლის მარტში წარადგინა საერთაშორისო განათლების სტრატეგია, რათა დაეკავშირებინა სექტორი საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტისა და საგარეო და თანამეგობრობის ოფისის სავაჭრო და დიპლომატიურ პოლიტიკასთან.
ეს იმედისმომცემი დასაწყისია. თუმცა, მთავრობა ვერ გააკეთებს ყველაფერს შესაფერისი გარემო პირობების უზრუნველსაყოფად. განათლების სრული ექსპორტის პოტენციალის რეალიზება დიდ ბრიტანეთში მხოლოდ კერძო სექტორის ჩართულობით არის შესაძლებელი. სექტორის წვდომისა და ჩართულობის გაუმჯობესება, კერძო დაფინანსება და ქველმოქმედება უმთავრესია. დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების ვარსკვლავური გლობალური რეპუტაცია ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს მასშტაბით ბევრი კერძო თუ საქველმოქმედო ორგანო დაინტერესდება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ახალი პარტნიორობის მოძიებით.
შეერთებული შტატები დიდი ხანია გზას კვალავს განათლების სფეროში ქველმოქმედების შეტანასა და კერძო პარტნიორობაში. მრავალი სხვა პატარა ქვეყანა კი ახლა ვითარდება ინოვაციებითა და დაფინანსების ახალი მოდელებით. საქართველოში, ახალი ამბიციური პროექტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სხვადასხვა დისციპლინის შეთავაზებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და წინსვლას. KIU-ის მიზანია, შექმნას მაღალი კვალიფიკაციის მქონე, მაღალანაზღაურებადი კადრები ქართველთა მომავალი თაობებისთვის და გაზარდოს ქვეყნის პროდუქტიულობა და ეკონომიკური აქტივობა.
ეს არის განვითარებად ქვეყნებში ერთ-ერთი მრავალ პროექტთაგანი, რომელიც ხაზს უსვამს კერძო დაფინანსებისა და ქველმოქმედების სარგებელს. საქართველო ინსტიტუციონალურად ინოვაციური ქვეყანაა, რომელმაც ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალი სხვა ნაწილისაგან განსხვავებით, სწრაფად აუწყო ფეხი ბიზნესის სასიკეთოდ მიმართულ ანტიკორუფციულ ძალას თავისი ეკონომიკის გასაფართოებლად. ფონდი ქართუსა და ბიძინა ივანიშვილის ხედვა, რომ დააფინანსონ ასეთი ამბიციური საგანმანათლებლო პროექტი, მიუთითებს ქვეყნის განვითარებისკენ სწრაფვაზე. ის ასევე გზამკვლევია დიდი ბრიტანეთისთვის.
დიდ ბრიტანეთს ჰყავს მილიარდერი და მილიონერი ქველმოქმედების საკმაოდ დიდი რაოდენობა: შეიძლება მათ სურვილი ჰქონდეთ, ითანამშრომლონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, KIU-ს მიერ შემოთავაზებული მოდელის გამოყენებით? ბუკინგემის უნივერსიტეტი, სადაც ვასწავლი ეკონომიკისა და საერთაშორისო კვლევების დეპარტამენტში და ბიზნეს სკოლაში, არის არაკომერციული კერძო დაწესებულება და ქვეყნის კერძო უნივერსიტეტებს შორის უძველესი.​
ბუკინგემი დაარსდა 1973 წელს, როგორც ბუკინგემის საუნივერსიტეტო კოლეჯი (UCB). სახელმწიფო დაფინანსების არმქონე ბუკინგემმა მრავალი შესაძლებლობის მოძიება შეძლო და 2018 წელს გახსნა 8 მილიონი ფუნტის ღირებულების ვინსონის ეკონომიკისა და მეწარმეობის ცენტრი, რომელიც პირველი ასეთი ტიპის ცენტრია დიდ ბრიტანეთში.
დიდ ბრიტანეთში, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სხვა ქვეყნების მსგავსი, ან ჩვენი ზომისა და არსებული რეპუტაციის გათვალისწინებით, კიდევ უფრო დიდი ამბიციები. ჩვენ ახლა უნდა დავგეგმოთ Covid-19-ის შემდგომი მსოფლიო და უცხოელი სტუდენტების კონტრიბუციაში პოტენციურად დიდი ვარდნის პერიოდი. ძნელია, ვიფიქროთ უკეთეს სტრატეგიულ ინვესტიციაზე ბრექსიტის შემდგომი დიდი ბრიტანეთისთვის ვიდრე მილიარდობით საქველმოქმედო ფუნტის შემოდინებაა ახალი კვლევების, სწავლებისა და საერთაშორისო ექსპანსიის საშუალებით. ქველმოქმედების, კერძო სექტორისა და ჩვენი მსოფლიო დონის უნივერსიტეტების ახალი პარტნიორობა კი ამ გეგმის განხორციელების გზა არის“, – წერს ბრაიან სტურგესი.

სტატია იხილეთ ლინკზე – https://www.telegraph.co.uk/politics/2020/08/11/philanthropy-will-help-universities-survive-thrive-post-covid/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები