თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე შსს-ში ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე გამოიკითხა

ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ შს სამინისტროს შენობა დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, უწყებაში 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით იყო დაბარებული. მისივე თქმით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს კითხვები, მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მასალებზე ჰქონდათ.

“სულ ორი კითხვა ჰქონდა ჩემთან გამოძიებას. პირველი, საიდან და როგორ მოვიპოვე ის მტკიცებულება, რომელიც ჩემს სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, რაზეც ვუთხარი,რომ ვერ დავასახელებდი იმ ადამიანს, ვინც ეს კონკრეტული და ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება გადმოგვცა. მეორე კითხვა იყო, რა სახის ურთიერთობა მაქვს, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებთან.

ის მტკიცებულება, რომელიც დღეს ჩემს სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, ჩემი აზრით, არის ძალიან დიდი საფუძველი იმის, რომ გამოძიებამ იფიქროს კვალიფიკაციის შეცვლაზე. ანუ, გამოძიება გაგრძელდეს არა თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობამდე მიყვანის, არამედ მკვლელობის მუხლით. ეს და კიდევ სხვა გარემოებები იძლევა ამის საფუძველს. ვიმედოვნებ შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურასთან ერთად, უბრალოდ, იძულებული გახდება გამოძიება აწარმოოს მკვლელობის მუხლით.

ის ფურცელზე დაწერილი, ტექსტი, რომელიც ჩემს პირად გვერდზე დავდე, დიდი ალბათობით, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არის შესრულებული, რაზეც მიუთითებს მისი სახელი და გვარი. ცხადია, დაინიშნება ექსპერტიზა. დამიდასტურეს გამომძიებლებმა, რომ დანიშნავენ ამ დოკუმენტზე ექსპერტიზას. მას შემდეგ, რაც ექსპერტიზა, დიდი ალბათობით, დაადასტურებს, რომ ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილმა დაწერა, ცხადია, გამოძიებამ კვალიფიკაციის შეცვლაზე უნდა იფიქროს”, – განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, დღეს გიორგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა.

“გამოძიებისთვის უცნობი ახალი ფაქტები მოვიპოვეთ თამარ ბაჩალიშვილის საქმიდან, რომელთაგან ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ერთს ვასაჯაროვებ… “პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე” – ეს არის თამარ ბაჩალიაშვილის ერთადერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა. აქვე წერია ციფრი – “15”… ვის წინაშე ან რატომ იყო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი უძლური? რა ინფორმაცია ჩაუვარდა მას ხელში?”, -წერს კაპანაძე, სოციალურ ქსელში, რასაც თან ერთვის შესაბამისი წარწერით ფოტოსურათი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები