გიორგი გახარია: “ქართული ოცნება” ყოველთვის ზრუნავდა ადამიანზე, ჩვენი პოლიტიკის ცენტრში ყოველთვის იყო და იქნება ადამიანი

“ქართული ოცნება” ყოველთვის ზრუნავდა ადამიანზე, ჩვენი პოლიტიკის ცენტრში ყოველთვის იყო და იქნება ადამიანი”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ლაგოდეხის ნაკრძალში მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, არ იარსებებს წარმატებული საქართველო, თუ თითოეული ოჯახი საქართველოში არ იქნება წარმატებული.

“დღეს ყველას ერთად გვიწევს, ვებრძოლოთ როგორც ეპიდემიას, ასევე, უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ეკონომიკის აღორძინებისთვის, მაგრამ ამ ბრძოლაში ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ იარსებებს წარმატებული საქართველო, თუ თითოეული ოჯახი საქართველოში არ იქნება წარმატებული. თითოეული ოჯახის წარმატების საფუძველი კი კარგი შემოსავალი და კარგი სამუშაო ადგილია. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები და ეკონომიკის აღორძინება. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სამუშაო ადგილისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, კახეთში თითოეული გლეხი უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგომი, მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს. დღესაც, როდესაც ქვეყანას ასე უჭირს პანდემიიდან გამომდინარე, უნდა გვესმოდეს, რომ კახელ გლეხს, რომელიც ვაზს უვლის სახელმწიფო გვერდით უნდა დაუდგეს, დაეხმაროს და, რა თქმა უნდა, ჩვენ დავეხმარებით”,– განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო აღნიშნულ დახმარებას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე თითოეული ქართული ოჯახი ეკონომიკურად არ გაძლიერდება.

„ეს ყველაფერი გაგრძელდება, ვიდრე თითოეული ქართული ოჯახი ეკონომიკურად არ გაძლიერდება. ჩვენი ძირითადი მიზანია,  ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, იზრუნოს თავის თავზე, თავის ოჯახზე. დღეს, როდესაც პანდემიის ეპოქაში ვცხოვრობთ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ, პირველ ყოვლისა, ჯანმრთელობას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრ ქართულ ოჯახს დააკლდა შემოსავალი. საქართველოში ვეღარ გვყავს და აღარ გვყავს ბევრი ტურისტი. ეს ტურისტი ხომ თითოეული ჩვენგანის შემოსავალი იყო. ახალი შემოსული ტურისტი ქვეყანაში მიდიოდა თითოეული გლეხის ოჯახამდე. ამიტომ, ჩვენ ვდგავართ სოფლის მეურნეობის, ფერმერებისა და გლეხების გვერდით. რა თქმა უნდა, რაიონში, ლაგოდეხში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის თქმით, არავინ ამბობს, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მთავარია, რომ ბევრი საქმეა დაწყებული, რომელიც უნდა დასრულდეს.

მთავარი არის, რომ ბევრი ძლიერი, მაგარი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც უნდა დავასრულოთ. დაწყებული გვაქვს წყალმომარაგების რამდენიმე პროექტი, 24-საათიანი წყალმომარაგება ლაგოდეხისთვის დასასრულებელია. დაწყებულია საბავშვო ბაღების და სკოლების რეაბილიტაცია. კაბალაში ასაშენებლია ახალი სკოლა, რომელიც აუცილებლად უნდა აშენდეს. რა თქმა უნდა, გასაგრძელებელია ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანა, რომ ლაგოდეხმა, რაც შეიძლება მეტი ტურისტი მიიღოს და მეტი ბარაქა შემოვიდეს რაიონში. ყველაფერი გასაკეთებლია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი კანდიდატი თქვენთან ყოფილი გუბერნატორია. ადამიანმა, რომელმაც ყველა ის დეტალი, ყველა ის პრობლემა, რომელზეც ვისაუბრე, იცის ზედმიწევნით კარგად. ამიტომ, როგორც კი თქვენთან ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ და ის იქნება არჩეული, მეორე დღესვე მისი ძირითადი ამოცანა იქნება ხალხის მსახურება და არ არის არაფერი იმაზე უფრო დიდი ღირსება, ვიდრე ემსახურო შენს მოქალაქეებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ლაგოდეხის ნაკრძალში მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები