პოლიციის ესკორტით სვანეთიდან მოქალაქეები თბილისსა და ბათუმში საკარანტინე ზონებში გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯაში მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ. უწყების ცნობით, პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყო ადგილზე მყოფი მოქალაქეების ესკორტირება თბილისსა და ბათუმში მდებარე საკარანტინე ზონების მიმართულებით.
პოლიცია მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებულ საკარანტინე შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ვითარება დამაკმაყოფილებელია, ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში პატრულირებენ. გასული ღამის განმავლობაში სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, აღნიშნულ ზონაში მყოფ ვიზიტორებს საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ და, საჭიროების შემთხვევაში, მათ მაქსიმალურად ეხმარებოდნენ.