ეკატერინე ტიკარაძე: უნდა დასრულდეს საუბარი იმაზე, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა მხარეს, სამინისტრო და ექიმები ერთი განუყოფელი ნაწილია

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს, რათა „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დაკავებული ექიმის, ვახტანგ ყიფიანის საკითხზე ჭეშმარიტება დადგინდეს.

მისივე თქმით, უნდა დასრულდეს საუბარი იმაზე, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა მხარეს, რადგან სამინისტრო და ექიმები ერთი განუყოფელი ნაწილია.

„ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოების მხრიდან უნდა დასრულდეს საუბარი იმაზე, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა მხარეს. სამინისტრო და ექიმები ეს არის ერთი განუყოფელი ნაწილი, რომელიც ახორციელებს ნებისმიერ ჩარევას და ქმედებას იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა იყოს უსაფრთხო და პაციენტის მდგომარეობა უსაფრთხო. ჩვენ ყველანი ვმოძრაობთ იმისკენ, რომ შევქმნათ ერთობლივი სისტემა, რომელშიც ნებისმიერი ქართველი თუ უცხოელი მოქალაქე შეძლებს და მიიღებს იმ საჭირო ხარისხიან სერვისს. შეხვედრის მიზეზი იყო ვახტანგ ყიფიანის საქმე, სადაც ცალსახად გამოიკვეთა, თუ რამდენი და რა მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო განხორციელდეს საკანონმდებლო ბაზაში და ასევე, რეგულირების, პროფესიული კომპეტენციების ნუსხაში იმისთვის, რომ ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა იმ გარკვეულ გაუგებრობაში, სადაც მას დღეს ეწოდა „თაღლითი” ექიმის სახელი. სამინისტრო მზად არის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს დამატებით არაერთი ქმედება იმისთვის, რომ სიცხადე შეიტანოს ამ საქმეში. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან იმისთვის, რომ გადაიდგას ის ქმედითი ნაბიჯები, რაც დადებით გავლენად იქონიებს ვახტანგ ყიფიანის საქმეზე.

ეს კონკრეტული შემთხვევა არის საკმაოდ კომპლექსური და რთული. აქედან გამომდინარე, მაშინ, როდესაც მომდინარეობს აქტიური გამოძიება, არ მაქვს უფლება, მივიღო კონკრეტული დასკვნა იმის თაობაზე, იყო ის დამნაშავე თუ არა. აქ არის დანაშაულის სიმძიმეზე საუბარი. იქიდან გამომდინარე, რომ რეგულაციები და საკანონმდებლო ბაზა არ არის სათანადოდ მომზადებული, რა თქმა უნდა, იკვეთება გარკვეული გადაცდომები. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამატებ, რომ დანაშაულს გააჩნია თავისი სიმძიმე. საქმის აღძვრის მომენტიდან ჩვენ, სამინისტრო და პირადად აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესში, იმ მომართვასთან დაკავშირებით, რომელიც აქვს ოჯახს გამოგზავნილი. ჩვენი სააგენტო იმსჯელებს ამ თემასთან დაკავშირებით და ყველა ის პაციენტი, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა საქართველოში ვერ უტარდება სამინისტრო მზად არის იმ არსებული რესურსების ფარგლებში. რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მივცეთ მას შესაბამისი დახმარება”,- განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას – პატიმრობა. აღსანიშნავია, რომ მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები