“90-იანებიდან მოყოლებული, თავისუფლების იდეის სახელით, ვერრეალიზებული ნიჭის და ამბიციის მქონე აქტორები დაგვიდგნენ ლიდერებად საჯარო სივრცეში, რომლებიც გვპირდებოდნენ თავისუფლებას და მიგვიყვანეს ჩიხამდე”

“90-იანებიდან მოყოლებული, თავისუფლების იდეის სახელით, ვერრეალიზებული ნიჭის და ამბიციის მქონე აქტორები დაგვიდგნენ ლიდერებად საჯარო სივრცეში, რომლებიც გვპირდებოდნენ თავისუფლებას და მიგვიყვანეს ჩიხამდე. ამის იდეალური ილუსტრაცია ალბათ არის 1990 წელს სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვის აქცია, თავისუფლების მოთხოვნა, საკუთარი თავის ბლოკადაში მოქცევის მეთოდით იმიტომ რომ საბოლოოდ საქართველომ კი არ ჩაუკეტა სხვას, თავად ჩავიკეტეთ და დღემდე ამ ჩაკეტილობიდან თავის დაღწევისათვის ვიბრძვით”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია ანალიტიკურ ვიდეობლოგში სახელწოდებით ,,თავისუფლების იდეა როგორც ჩიხი“ საუბრობს.
,,სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებსა და მხატვრულ ლიტერატურაში, ხშირად გვხვდება ილუზორული იდეისკენ ბრმა სწრაფვა, რომლის მიღწევასაც ფატალური შედეგი მოყვება. ყველაზე ხშირი ასეთი ჟანრული ტროპია, როდესაც ანტიუტოპიურ სიუჟეტში სოციუმს პირდებიან უკვდავებას ან უკეთეს სამყაროში გადასვლას და რეალურად სიკვდილის გზაზე აყენებენ. რეალურ სამყაროში, კონკრეტულად კი დამოუკიდებელი საქართველოს 30 წლიან უახლეს ისტორიაში, ასეთი დაპირება თავისუფლებაა – უპირობო, უკონტროლო, აბსოლუტური, მოკლედ, თავისუფლება, როგორც აბსტრაქტული კონცეპტი, რომელსაც თანამედროვე, გონებაგახსნილი ადამიანი უნდა ეტრფოდეს. თავისუფლების მოსაპოვებლად საჭიროა ბრძოლა, მხოლოდ, ამ ბრძოლის ველზე თავისუფლების მოსაპოვებლად შესაძლოა ისეთი მანევრირება მოხდეს, რომ პირიქით, დატყვევება გამოიწვიოს.
საქართველო დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა, გვაქვს საკუთარი დამწერლობა, ეროვნული თვითშეგნება, ტრადიციები, ფოლკლორი, ვეფხისტყაოსანი, ამიტომ უმეტესობა ჩვენგანს, გვაქვს ამბიცია ნიჭიერებაზე, განსაკუთრებულობაზე, სხვაზე წინ დგომაზე. თუმცა, როდესაც ამ მისწრაფებების რეალიზება ვერ ხდება, იქმნება მენტალური ბარიერი, რომელიც უკვე ყველაზე ნაკლებ საკუთარ თავს და ყველაზე მეტად გარემო ფაქტორებს ბრალდება. საბჭოთა კავშირის პერიოდში, საქართველო იყო დიდი იმპერიის ნაწილი, რომლის ქვეშაც მრავალ ფლანგზე მივაღწიეთ წარმატებას, იქნებოდა ეს მეცნიერება, სპორტი, ხელოვნება თუ სხვა. ქართული სახელოვნებო ელიტა გასცდა ლოკალურ, რესპუბლიკურ საზღვრებს და ზოგად იმპერიული აღიარება და მასშტაბი შეიძინა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დადგა სასოწარკვეთით სავსე 90-ანი წლები, რასაც წინ უძღვოდა რევანშისტული დამოკიდებულებები საბჭოთა ელიტის, უპირატესად, ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის წინააღმდეგ. ამ ელიტას აუმბოხდა ეროვნული მოძრაობა, დაარქვა წითელი ინტელიგენცია და დამპყრობლის კარზე დაწინაურებულ, კომპრადორულ და კოლონიალურ ელიტად მონათლა. ამ ამბოხის სათავეში მყოფი ზვიად გამსახურდია კი სწორედ იმ ელიტის ღვიძლი შვილი იყო, რომლის წინააღმდეგაც იბრძოდა. შემდეგ იყო შევარდნაძის პერიოდი, რომელსაც და რომლის ელიტის (საბჭოთა ეპიქიდან ქრონოლოგიურად გადმოყოლილი ელიტის) წინააღმდეგაც ამბოხებული ხალხის სათავეში მოექცა მიხეილ სააკაშვილი, კვლავაც ამავე ელიტის ნაწილი, რომელსაც სოციალური აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად, როგორც ჰაერი, ისე ჭირდებოდა ძლაუფლების ბერკეტები რევანშისტული პოლიტიკის საწარმოებლად და შედეგად მივიღეთ ის, რაც ქართულ კოლექტიურ ცნობიერში სისხლიანი ცხრა წელის სახელით არის ჩაბეჭდილი.
ზვიად გამსახურდია ქართველ ხალხს პირდებოდა თავისუფლებას და შედეგად მივიღეთ ტოტალური დაღმასვლა სოციალური თუ კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში, რომელიც ზასტოიზე (უძრაობაზე, რამაც პერესტორიკა და როგორც შედეგი, დამოუკიდებლობა მოგვიტანა) დამანგრეველი გამოდგა და როგორც შედეგი ტოტალური სიღარიბის ათწლეული მივიღეთ შევარდნაძის მთავრობის მეთაურობით. ბნელი 90-ანების მემკვიდრეობისგან გათავისუფლებას გვპირდებოდა სააკაშვილი და შედეგად მივიღეთ ხელისუფლების მიერ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობის ათწლეული. საბოლოო ჯამში სოციალური რევანშის ეს პერიოდები იყო თავისუფლების იდეით შენიღბული, რამაც ჩიხში მოგვაქცია. თავისუფლების ძიებაში, აღმოვჩნდით ჩიხში.
აქ მნიშვნელოვანია თავისუფლების განმარტებაზე შევთანხმდეთ, იმიტომ რომ საქართველოს აქვს თავისი უნიკალური დამწერლობა, ენა, რომელიც ესმის მხოლოდ ქართველ ადამიანს, შესაბამისად თუ რამე კულტურული პროცესის წარმოება გინდა და გინდა ეს პროცესი გააგებინო მსოფლიოს, აუცილებელია ეს სხვა ენაზე გააკეთო. ამის კარგი ილუსტრაციაა საბჭოთა პერიოდი, როდესაც მრავალმხრივ გამოვიჩინეთ თავი, თუმცა 90-ანების შემდეგ, როდესაც აბსოლუტურად უარვყავით საბჭოთა გამოცდილებები, გადავწყვიტეთ რომ გვინდოდა გავმხდარიყავით დასავლური სივრცის ნაწილი და კულტურა ინგლისურ ენაზე გვეწარმოებინა, ვნახეთ, რომ არაფერი გამოგვივიდა. ქართველს კი ანთროპოლოგიურ მეხსიერებაში თავისი თავი წარმოუდგენია მსოფლიო პროცესების მონაწილედ, წარმატებულ მოაზროვნედ, წარმატებულ არტისტად და ა.შ. ზუსტად ამან გამოიწვია ფრუსტრაცია. ეს ყველაფერი კი ჯერ ეროვნული და შემდეგ ლიბერალული ნიღბისქვეშ ორგზის წარმოებული სოციალური რევანშის შედეგად მივიღეთ, როცა ვითომ პრინციპული უნიჭოები უპრინციპო ნიჭიერებს აუმხედრდნენ, მოუსყიდავთა მანტია მოისხეს, მაგრამ არ დაგვიზუსტეს მთავარი – რომ გაიყიდო, უნდა გყიდულობდნენ. გამსახურდიას და სააკაშვილის დაწინაურებული კონტრელიტა კი მხოლოდ გვედიდგულებოდა და გვამადლიდა თავის არარსებულ პატიოსნებას.
მხატვრულ ლიტერატურაში სოციალურად მარგინალური ადამიანის ეს ჟინი და სწრაფვა ელიტისკენ, ძალაუფლებისკენ, მრავლადაა დოკუმენტირებული, თუმცა ერთ კონკრეტულ, ჩემ ფავორიტ მაგალითს მოვიხმობ ბალზაკის „ადამიანური კომედიის“ ტრილოგიის წიგნებიდან „დაკარგული ოცნებები“ და „კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე“, სადაც მთავარი პერსონაჟი, ლუსიენ დე რუბამპრე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სოციალურ საფეხურზე წინ წაიწიოს, რადგან მას ქვს განცდა, რომ მისი ადგილი ელიტაშია, რომ ის სხვაზე მეტს იმსახურებს, რომ ის ნათელი გონებაა ბნელ სოციუმში, თუმცა ამ გზაზე მხოლოდ მორალური ღერძის სრული მოშლა და ტრაგიკული ფინალი გვხვდება.
წარსულის უარყოფა და ახალი, ხელოვნური იდენტობის შექმნა, განწირულია წარუმატებლობისათვის. ისევე როგორც თავისუფლების იდეის ეგიდით ჩვენ გვაიძულეს დაგვეგმო საკუთარი წარსული და მოვრგებოდით ახალ იდენტობას. გამოგვაერთეს რუსულენოვანი ცივილიზაციიდან, მაგრამ ვეღარ გადაგვაერთეს დასავლეთს, დაგვავიწყეს რუსული, მაგრამ არ გვასწავლეს ინგლისური. საბჭოთა კავშირის გადააზრების გზაზე, რევანშისტული პოლიტიკის წარმოებით, დავანგრიეთ სამეცნიერო კორპუსი დიალექტიკური მატერიალიზმის დავიწყების მიზნით, მაგრამ ვერ შევქმენით და ვერ ავითვისეთ ახალი იდეები, ანუ მივიღეთ გრამშიანული თეზისი – ძველი მოკვდა, ახალი არ დაიბადა.
საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები ქონდა საბჭოთა კავშირის დროს, სასანური სპარსეთის დაპყრობის პერიოდშიც კი, ჩვენ გაგვაჩნდა მნიშვნელოვანი წარმატებები – გორგასალმა ტერიტორიების შემოერთება შეძლო, ვეფხისტყაოსანი სპარსული გავლენებით შეიქმნა, კულტურული განვითარება გაგრძელდა, თუმცა 90-ანების შემდეგ ყველაზე დიდი წარმატება გლობალურ ასპექტში კორონავირუსის პანდემიასთან სხვა, ჩვენზე ბევრად მდიდარ და ევროპულ ქვეყნებზე უკეთ თავის გართმევაა.
საკუთარ წარსულში ისტორიული ექსკურსი რომ მოვახდინოთ, იკვეთება ფაქტი, რომ ჩვენ ისეთი იმპერიების ქვეშ შევძელით მცირე თუ დიდი წარმატებების მიღწევა, რომელსაც საქართველოს მსგავსად, მრავალსაუკუნოვანი კულტურა გააჩნდა, საპირისპიროდ, ჩვენ ვერ მიგვიღო თურქეთმა, მეგობრული პარტნიორობის მიუხედავად, ჯერაც ვერ ვინტეგრირდით ამერიკასთან. 90-ანებიდან მოყოლებული, თავისუფლების იდეის სახელით, ვერრეალიზებული ნიჭის და ამბიციის მქონე აქტორები დაგვიდგნენ ლიდერებად საჯარო სივრცეში, რომლებიც გვპირდებოდნენ თავისუფლებას და მიგვიყვანეს ჩიხამდე. ამის იდეალური ილუსტრაცია ალბათ არის 1990 წელს სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვის აქცია, თავისუფლების მოთხოვნა, საკუთარი თავის ბლოკადაში მოქცევის მეთოდით იმიტომ რომ საბოლოოდ საქართველომ კი არ ჩაუკეტა სხვას, თავად ჩავიკეტეთ და დღემდე ამ ჩაკეტილობიდან თავის დაღწევისათვის ვიბრძვით.
თავისუფლების ამ ილუზორული იდეისკენ ტრფობა, ისევ ბალზაკს რომ მივუბრუნდეთ, ერთგვარი შაგრენის ტყავია, რომელსაც ჩავუთქვამთ სურვილს აბსოლუტურ თავისუფლებაზე, საპასუხოდ კი მხოლოდ საკუთარი თავის და ქვეყნის ჩარჩოებში მოქცევას, მის კომპრესირებას და რეგრესიას ვაღწევთ”,- ამბობს ბაჩო ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები