შს მინისტრის მოადგილემ COVID-19-ის პანდემიის დროს გენდერისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ ონლაინშეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა მონაწილეობა მიიღო გენდერისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ ონლაინშეხვედრაში – „გენდერი და COVID -19 – უსაფრთხოების სექტორის მიერ მიღებულ გამოცდილება“.
შეხვედრა საქართველოში გაერო-ს  ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ერიკა კვაპილოვამ გახსნა.
უწყების ინფორმაციით, ონლაინღონისძიებაზე გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) ჟენევის უსაფრთხოების სექტორის მართვის ცენტრთან (DCAF) ერთად წარმოადგინა გენდერისა და უსაფრთხოების შესახებ პრაქტიკული მითითებების კრებულის ქართული თარგმანის პრეზენტაცია.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში პოლიციის მიერ გენდერული პერსპექტივით მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ყოველდღიურად უწევს მონიტორინგს გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებს. მონაცემთა ანალიზის შედეგების თანახმად, დეპარტამენტმა შეიმუშავა სტრატეგიული გეგმა, რათა გამოვლენილიყო არსებული პრობლემები და გამოწვევები. COVID-19-ის პანდემიის დროს ერთერთი გამოწვევა ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესაძლო ზრდა იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხთა უწყებათაშორის კომისიასა და შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა სტრატეგია – „კომუნიკაციის სტრატეგია ოჯახური და გენდერული ძალადობის შესახებ COVID-19-ის კრიზისის დროს“. აღნიშნული კომუნიკაციის სტრატეგია წარმატებით განხორციელდა, რის შედეგადაც მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა ოჯახში ძალადობის და მისი სამართლებრივად გადაჭრის გზების თაობაზე“, – აღნიშნა ნინო ცაციაშვილმა.
გენდერისა და უსაფრთხოების შესახებ პრაქტიკული მითითებების კრებული შემუშავებულია 2020 წელს გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), ჟენევის უსაფრთხოების სექტორის მართვის ცენტრისა (DCAF) და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ. კრებული მიმოიხილავს გენდერული მეინსტრიმინგის მნიშვნელობას უსაფრთხოების ისეთ სექტორებში, როგორიცაა: პოლიცია და მართლწესრიგი, საზღვრების მართვა და გენდერი, დაზვერვის სამსახურები და გენდერი, მართლმსაჯულება და გენდერი, თავისუფლების აღკვეთის ადგილები და გენდერი და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები