რომან კაკულია: დემოკრატიას აშენებს მხოლოდ ის საზოგადოება, რომელიც „შიდა მოთხოვნაზე” ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს ანდობს ქვეყნის მართვას

“დემოკრატიას აშენებს მხოლოდ ის საზოგადოება, რომელიც  „შიდა მოთხოვნაზე” ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს ანდობს ქვეყნის მართვას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა, რომელიც ისეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშია, როგორშიც ჩვენ ვართ, აქვს გამოწვევებიც და შესაძლებლობებიც. დეპუტატი ქვეყნის ერთერთ გამოწვევად მიიჩნევს ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ძალების არსებობას, რომლებიც „გარე დაკვეთებზე” მუშაობენ.

„გამოწვევათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყოველთვის იარსებებენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც   „გარე დაკვეთაზე” იმუშავებენ და ამიტომ მხოლოდ ის ხალხი შეძლებს დემოკრატიის აშენებას, რომელიც მკაფიოდ შეეცდება, დააფიქსიროს ის პოლიტიკური ძალები და მათ მისცეს მართვის სადავეები, რომლებიც „შიდა დაკვეთაზე” არიან ორიენტირებულნი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, შედგეს დემოკრატია. ამ ქვეყანაზე ძალიან ბევრი ხალხი და საზოგადოება არსებობს, მაგრამ დემოკრატიას ყველა ვერ აშენებს. ამას მხოლოდ ის საზოგადოება ახერხებს, რომელიც „შიდა მოთხოვნაზე” ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს ანდობს ქვეყნის მართვას, რომლებიც შემდეგ წარმატებულად შეძლებენ, დაამყარონ ურთიერთობა ყველა საერთაშორისო პარტნიორთან”, – განაცხადა რომან კაკულიამ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები