გოგი თოფაძის ოჯახის ადვოკატი: დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კლინიკაში რჩება

“ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ის კვლავ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში რჩება”, – ამის შესახებ გოგი თოფაძის ოჯახის ადვოკატმა, გიორგი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ბლაგვი, მჭრელი, მჩხვლეტავი საგნით არის ჭრილობები მიყენებული, მაკრატელია თუ დანა – ამას სჭირდება ექსპერტიზა. ვარაუდით თქმა შეუძლებელია. მე როგორც ვიცი, ჟვანიასაც აქვს დაზიანება მიღებული, მაგრამ თვითონ მიიყენა თუ სხვა პირმა მიაყენა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ლევანს არავისთვის არ მიუყენებია ჭრილობა. ამ ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, რაც ნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს მოტივი, მიზანი. მრავალი ვერსია გავრცელდა, თუმცა, ამ ეტაპზე, ვერ დავადასტურებთ. ჩემი ინფორმაციით, იყვნენ პირები ადგილზე და ისინი უნდა გამოიკითხონ. უმნიშვნელოვანესია ექსპერტიზის დასკვნა. განისაზღვრება დაზიანების ხარისხი მძიმეა, მსუბუქია თუ სიცოცხლისთვის საშიში. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წავა დოკუმენტები. ჟვანია გადაყვანილია დაკავების წინასწარ იზოლატორში და, როგორც ვიცი, არ აღიარებს დანაშაულს“, – განაცხადა ანთაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები