მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორის ეპიდკვლევა გრძელდება
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორის ეპიდკვლევა გრძელდება.
მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტი მკურნალობს.
“კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში 241 პაციენტი მკურნალობს.
ორი ახალი შემთხვევიდან ერთი გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ხოლო მეორის ეპიდკვლევა გრძელდება კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.
რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს – 37 პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. არავისთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმისაა.
საქართველოში გვაქვს კონტროლებადი, ზომიერი მატება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის პროგნოზირების კარგ იმედებს იძლევა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.